მეზღვაური, რომელიც ჩემპიონი გახდა - Calciomercato-ს სტატია ბორის პაიჭაძეზე
ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ, Calciomercato-მ ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, ბორის პაიჭაძეს სტატია მიუძღვნა, რომლის სათაური ასეთი გახლავთ - „ბორის პაიჭაძე - მეზღვაური, რომელიც ჩემპიონი გახდა. თბილისური ლეგენდა, რომელიც ცუდი ხუმრობით დაიწყო“.
„დღე, რომელსაც დიდი ხანი ელოდა, დადგა. ბათუმის პორტიდან ინგლისისკენ გემი უნდა გასულიყო და ეს ახალგაზრდა ბორის პაიჭაძისთვის ოცნების ასრულების ტოლფასი იყო. მას ყოველთვის უნდოდა, რომ გემზე ემუშავა და მთელ მსოფლიოში ემოგზაურა. გემის გასვლამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი და პაიჭაძე ფოთს, საკუთარ ოჯახს, მეგობრებს, ადგილობრივ საფეხბურთო გუნდსა და სიღარიბეს წარსულში ტოვებდა. მოულოდნელად, მას დეპეშა გადასცეს. „მამაშენი სიკვდილის პირასაა“, - ეწერა დეპეშაში.
პაიჭაძემ პირველივე მატარებლის ბილეთი აიღო და ფოთისკენ გაემგზავრა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა. ბორისი ფოთში გვიან ღამით ჩავიდა და მისდა მოულოდნელად, კარი მამამისმა გაუღო.
„მამა, როგორ ხარ?“ - ჰკითხა გაოცებულმა ბორისმა სოლომონს. „ცოტა მეძინება, მაგრამ კარგად ვარ. რატომ მეკითხები და აქ რას აკეთებ?“ - უპასუხა სოლომონმა. ბორისმა მამამისს დეპეშა აჩვენა და მისი ოჯახის არც ერთ წევრს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა. მისმა გემმა გაცურა და პაიჭაძეს ისღა დარჩენოდა, ეპოვა ადამიანი, რომელიც ამ ბოროტი ხუმრობის ავტორი გახლდათ. ბორისის დაბრუნებით ბევრი ადამიანი იყო გახარებული. განსაკუთრებით, ფოთის ფეხბურთელები, რომლებსაც თავიანთი საუკეთესო მოთამაშის დაკარგვა ნამდვილად არ უნდოდათ. რამდენიმე დღის შემდეგ, ფოთს მოსისხლე მტერ ბათუმთან თამაში ჰქონდა და მათთვის პაიჭაძის დაბრუნება ორმაგად სასიხარულო ამიტომაც იყო, თუმცა თავდაპირველად, ბორისი თამაშს არ აპირებდა.
ფოტოს ლინკი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/63801
იგი განრისხებული იყო იმ ბოროტი ხუმრობის გამო, რომელმაც ცხოვრების შეცვლის შანსი წაართვა. პაიჭაძეს გადაწყვეტილება მამამისმა შეაცვლევინა და უთხრა: „კარგი რა, ბორის. ფეხბურთის თამაში ძალიან გიყვარს და როცა მოედანზე იქნები, ამ ბოროტ ხუმრობაზე ფიქრის დროც არ გექნება“.
ბორისმა ითამაშა, ფოთმა ბათუმი 2 ბურთით დაამარცხა და ორივე გოლი პაიჭაძემ გაიტანა, რამდენიმე თვის შემდეგ კი მის კარზე საქართველოს გამორჩეულმა კლუბმა, დინამო თბილისმა დააკაკუნა. დინამოელთა თავკაცი მას დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდა თვალს და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ბორისი დინამო თბილისის ფეხბურთელი და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშე გახდებოდა. საქართველომ საფეხბურთო სამყაროს ბევრი დიადი ფეხბურთელი აჩუქა. დავით ყიფიანი, მურთაზ ხურცილავა, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე და სხვები, მაგრამ არის ფეხბურთელი, რომლის შესახებაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ბევრმა არაფერი იცის, ქვეყნის შიგნით კი მას უდიდეს პატივს სცემენ და მისი სახელობის სტადიონიც არსებობს. ეს ფეხბურთელი ბორის პაიჭაძეა.
იგი ჩოხატაურში დაიბადა და მოგვიანებით, მისი ოჯახი ფოთში გადავიდა, სადაც მამამისმა მუშაობა პორტში დაიწყო. 1920-იან წლებში, ბორისი ეზიარა სპორტს, რომელიც ინგლისელებს აგიჟებდა. ისინი პორტში ყოველდღე თამაშობდნენ და გასამარჯვებლად ყველაფერს აკეთებდნენ. 16 წლის ასაკში, იგი გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სხვებზე ძლიერი ფეხბურთელი იყო, საერთოდ სხვა გეგმები ჰქონდა. მას სწავლა უყვარდა და სკოლის საუკეთესო ნიშნებზე დამთავრების შემდეგ, მექანიკოსობა გადაწყვიტა. ერთ დღეს, გემზე, რომელიც ინგლისში მიემგზავრებოდა, ბორისმა შანსი მიიღო მექანიკოს-ინჟინრად ემუშავა. ეს ის გემია, რომელთან ერთადაც პაიჭაძე რომ გამგზავრებულიყო, საქართველო ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს დაკარგავდა...
თუ გაინტერესებთ, ბორისს ის დეპეშა ვინ გაუგზავნა, ეს ადამიანი კაკო იმნაძე გახლდათ - ბორისის თანაგუნდელი, რომელმაც შეიმუშავა სპეციალური სისტემა, რათა მნიშვნელოვან შეხვედრაში, მის გუნდს ლიდერი არ გამოკლებოდა. ბორისმა ამის შესახებ 50 წლის შემდეგ გაიგო... მაშინ სიბრაზე უკვე აღარსად იყო, რადგან შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა გამოუვიდა და ქანჩის ნაცვლად, ბურთს იყენებდა.
ბორისი ყოველთვის გამორჩეული ფეხბურთელი იყო და მისი მეტოქეები ფრთხილობდნენ, რომ მისთვის ტრავმა არ მიეყენებინათ. იყო შემთხვევები, როცა მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელები თავიანთ შეგირდებს არიგებდნენ, რომ ასეთი საფეხბურთო შესაძლებლობებისა და ნიჭის მქონე მოთამაშისთვის დაზიანება არ მიეყენებინათ. სამწუხაროდ, ეს მაინც მოხდა და ერთ-ერთი მეტოქე პაიჭაძეს განუწყვეტლივ ურტყამდა. ბორისს უკმაყოფილება არ გამოუთქვამს და არც მსაჯისთვის მიუმართავს. მან გადაწყვიტა, შური ეძია და ლეგენდის მიხედვით, მეტოქემ მოედანი კოჭლობით დატოვა, მსაჯმა კი ვერაფერი შეამჩნია...
ამბობენ, რომ ბორისის მამა, სოლომონი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არ ყოფილა და შვილს ურჩევდა, საკუთარი დრო სხვა რამისთვის მიეძღვნა. ერთ დღეს, იგი სამსახურიდან ბრუნდებოდა და სტადიონიდან შეძახილები, აპლოდისმენტები და მუსიკის ხმა მოესმა. სოლომონი დაინტერესდა, რა ხდებოდა და დაინახა, რომ მისი შვილიც მოედანზე იყო. გამარჯვების მომტანი გოლი სწორედ მას გაუტანია... მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებმა თავიანთი რჩეულები მოედანზე დააბრუნეს და მადლობა გადაუხადეს, სახლში დაბრუნებულმა სოლომონმა კი საკუთარ მეუღლეს ჰკითხა: „სად ისწავლა ჩვენმა შვილმა ფეხბურთის ასე კარგად თამაში?“ მეუღლეს პასუხი არ ჰქონდა, მაგრამ იმ დღის შემდეგ, სოლომონი ბორისის ნომერ პირველი ქომაგი გახდა.
პაიჭაძის კარიერის გარდამტეხი მომენტი გემის ამბებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დადგა. მისი გუნდი ამხანაგური თამაშებისთვის და ადგილობრივ ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად უკრაინაში, დონბასში მიიწვიეს. ფოთმა ტურნე 28 გამარჯვებით, 1 ფრითა და 0 წაგებით დახურა. პაიჭაძემ ისე ითამაშა, რომ დინამო თბილისმა მისი გაფორმება სწორედ მაშინ გადაწყვიტა, უკრაინაში ყოფნისას კი მოხდა ის, რაზეც ფოთის ფეხბურთელები წლების განმავლობაში იცინოდნენ. იმ პერიოდში, ოდესაში თურქეთის ეროვნული ნაკრები უნდა ჩასულიყო, რომელიც საბჭოთა კავშირში ტურნეს მართავდა და ერთ-ერთ ადგილობრივ კლუბთან უნდა ეთამაშა. როცა თამაშის დღე მოვიდა, თურქებისგან არაფერი ისმოდა. ქალაქი პოსტერებით იყო სავსე და სირცხვილი გარდაუვალი გახლდათ, თუმცა ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, გამოსავალი ეპოვათ. ისინი პაიჭაძეს და მის თანაგუნდელებს დაუკავშირდნენ და ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ სათამაშოდ გაგზავნეს. ფოთის ფეხბურთელები თურქებად უნდა გაესაღებინათ და თამაშის წინ თურქეთის ეროვნული ჰიმნი გაისმა. თურქეთის დროშაც კი გამოჩნდა, თუმცა ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები მალევე მიხვდნენ, რომ მოედანზე თურქი ფეხბურთელები არ იყვნენ და მათ ნაცვლად, ქართველი მოთამაშეები დაქროდნენ.
დინამო თბილისის რიგებში პაიჭაძის სადებიუტო შეხვედრა 1936 წლის სექტემბერში, 21 წლის ასაკში შედგა. დინამო თბილისის დინამო კიევს დაუპირისპირდა და ბორისი გოლით გამოირჩა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ის სეზონი მან 12 გოლით დაასრულა, მაგრამ დინამო თბილისში ტრანსფერს განსაკუთრებული გარემოებები ახლდა. პაიჭაძის დინამო თბილისში გადასვლა ლავრენტი ბერიას უნდოდა, რომელსაც სურდა, თავის საყვარელ კლუბს დიდი წარმატებისთვის მიეღწია. გარდა ამისა, ბორისის გადასვლას კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა. მას იმედი ჰქონდა, რომ მამამისი, რომელიც „სიკვდილის ბანაკში, გულაგში“ იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნებას შეძლებდა. დრო გადიოდა და ბორისის მამაზე არაფერი ისმოდა. 1942 წელს, მან გამბედაობა იპოვა და გადაწყვიტა, ბერიასთან მისულიყო და მამამისზე ეკითხა. პასუხი საშინელი იყო. „მამაშენი გარდაიცვალა ბორის, აქამდე სად იყავი“...
ბორისი კარიერის ბოლომდე დინამო თბილისის რიგებში თამაშობდა და მსოფლიო ომის გამო, 1942-დან 1944-მდე ორი სეზონი დაკარგა. ამ დროს, იგი კარიერის პიკში იყო და პაიჭაძემ ხელიდან საუკეთესო წლები გაუშვა. მან კარიერა 1951 წელს, 36 წლის ასაკში დაასრულა, რაც ნაწილობრივ, მუხლის ტრავმამაც განაპირობა. ბორისი 1990 წელს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა და მომდევნო წელს, თბილისის ეროვნული სტადიონი მისი სახელობის გახდა. უნივერსალური თავდამსხმელი, შესანიშნავი ტექნიკისა და დარტყმის მქონე ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა. 2001 წელს, ქართველმა ხალხმა იგი მეოცე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა“, - წერს Calciomercato.