„ადაპტაცია რთული იქნება, მაგრამ საკუთარი თავის რწმენა არ უნდა დაკარგოს“ - იტალიაში ხვიჩას ელიან
1 ივლისიდან, ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლის“ შეუერთდება და სერია A-ს ახალი სეზონისთვის უკვე კლუბთან ერთად დაიწყებს მომზადებას.
ნეაპოლში ქართველი ფეხბურთელის ჩასვლას მოუთმენლად ელიან როგორც გულშემატკივრები, ისე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებიც. იტალიურ პრესაში დღითიდღე აქტიურად იწერება 21 წლის ფეხბურთელის შესახებ და განიხილება როგორც მისი ძლიერი თვისებები, ასევე პიროვნული მახასიათებლებიც.
ერთ-ერთი ბოლო სააგენტო, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერა Footballnews24.it არის. ჟურნალისტი მომზადებულ სტატიაში დეტალურად განიხილავს ქართველი ფეხბურთელის წარსულს, აწმყოსა და იმ სირთულეებს, რომელიც ხვიჩას ნეაპოლში ჩასვლის შემდეგ დახვდება.
რა წერია სტატიაში:
სატრანსფერო პერიოდის მიმდინარეობის დროს გულშემატკივრები ყოველთვის ოცნებობენ გუნდში დიდი სახელების მოსვლაზე. კლუბში ჩემპიონის მოსვლას ყოველთვის ახალი ენთუზიაზმი და იმედები მოაქვს. ამის გარდა, გულშემატკივრებისთვის საყვარელ კლუბში დიდი პროფილის მქონე ფეხბურთელის ყოფნა ყოველთვის განსაკუთრებული სიამოვნებაა. ამავდროულად, ფანებს უყვარს გაკვირვებაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფეხბურთელი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, თუმცა აქვს ნათელი მომავალი. ასეთ დროს მაშინვე Youtube-ზე გავრბივართ და ამ ფეხბურთელების შესახებ ყველაფერს ვიგებთ: გოლებს, უნარებს და ა.შ.
ყველა მოუთმენლად ველით იტალიის ჩემპიონატში ახალი სეზონის დაწყებას, მაგრამ ამავდროულად ველით წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებსაც, რათა საკუთარი თვალით გავეცნოთ ახალი მოთამაშეების თვისებებს. პირველ რიგში, ვინც გვაინტერესებს 2001 წელს დაბადებული ხვიჩა კვარაცხელიაა. „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, დე ლაურენტისმა მისი მოსვლის შესახებ რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში გამოაცხადა. ახალგაზრდა ფეხბურთელს კლუბში საკმაოდ რთული დავალება ექნება, მან უნდა შეცვალოს ლორენცო ინსინიე, რომელიც ნეაპოლიდან კანადაში წავიდა. ეს „ნაპოლისთვისაც“ მნიშვნელოვანი არჩევანია, რადგან იტალიაში ბევრ კლუბს არ ეყოფა იმის გამბედაობა, რომ ფოკუსირება მოახდინოს ახალგაზრდა, გამოუცდელ და პერსპექტიულ მოთამაშეზე. ალბათ, გულშემატკივრებს გაინტერესებთ ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ ასევე დაგაინტერესებთ როგორ წარმოითქმის მისი სახელი. ალბათ, უმჯობესი იქნება, რომ მას მეტსახელი ვუპოვოთ, ასე ცხოვრებასაც გავიადვილებთ - „კუიცა კუარაცკელია“. მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ახლა გავარკვიოთ ქართველი ფეხბურთელის ტექნიკური მახასიათებლები.
დრიბლინგი, სისწრაფე და ძლიერი მხარეები
ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა გარემარბად დაიბადა, მაგრამ ასევე შეუძლია თამაში როგორც მარჯვენა ფლანგზე, ისე ცენტრში, თავდამსხმელის უკან შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. 21 წლის ფეხბურთელის კლასი ორმხრივია, რაც შესაძლებლობას აძლევს, რომ მცველთან პირისპირ არაპროგნოზირებადი იყოს. დრიბლინგი მისი ერთ-ერთი საყვარელი იარაღია, რომელიც მის სისწრაფესთან ერთიანდება და უფრო ეფექტური ხდება. ეს მას აძლევს საშუალებას, რომ სივრცის მიღების შემთხვევაში შეუჩერებელი იყოს. ასე რომ „ნაპოლი“ ამ ასპექტში მასზე ფსონის დადებას შეძლებს. ამ თვისებების გარდა გასათვალისწინებელია ბურთის კარგი კონტროლიც, ასევე მისი ტექნიკური შესაძლებლობებიც, რაც დახვეწილი სამუშაოს ქსელს წარმოშობს.
თუმცა, მან აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს თავისი სტატისტიკა, რადგან გოლების მხრივ ერთ სეზონში ორნიშნა ციფრისთვის არასდროს მიუღწევია. ასევე, მას მოუწევს ასისტებზე მუშაობაც. კიდევ ერთი ასპექტი, რაშიც კვარაცხელია გაუმჯობესებას საჭიროებს, არის დაცვითი ფაზა, იტალია კი ამის გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა, თუმცა როდესაც ეროვნულ ნაკრებში მის ბოლო თამაშებს ვუყურე, მგონია, რომ ამ საკითხში ვცდები... ვნახოთ. 21 წლის ფეხბურთელს ეტყობა რომ შრომისმოყვარეა და პიროვნული თვისებებიც კარგი აქვს. ახლა კი დროა, რომ მან უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები.
კვარაცელია ნაპოლიში: დებიუტიდან მოთმინებამდე
კვარაცხელიას პირველ რიგში ერთი მნიშვნელოვანი დავალება ექნება: უნდა დაამტკიცოს თავისი თვისებები ისეთი დონის ჩემპიონატში, როგორიც სერია A არის. რა თქმა უნდა, ადაპტაციისთვის გარკვეული პერიოდიც დასჭირდება, რაც მარტივი ნამდვილად არ იქნება: ახალი კულტურა, ენა და კიდევ სხვა ფაქტორები, რომელიც თავის დამკვიდრების პროცესს გაართულებს. ამას ნეაპოლიტანური საზოგადოებაც გაგებით უნდა მოეკიდოს და მას კრიტიკის მაგივრად მხარი უნდა დაუჭიროს. თავისმხრივ, კვარაცხელიამაც უნდა მოითმინოს. პირველივე მატჩებიდან მას სასტარტოსთვის ბრძოლა მოუწევს, იქნება შეცდომებიც, მაგრამ საკუთარი თვის რწმენა არ უნდა დაკარგოს.
ქართველის გარდა, მარცხენა ფლანგზე დელუფეუს ტრანსფერიც მოიაზრება. ესპანელი გარემარბი „ნაპოლის“ ინტერესთა სფეროშია. ჯუნტოლის სტრატეგია შესაძლოა სწორი იყოს: გამოცდილი და ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების ნაზავი მნიშვნელოვანია, რომ გამოუცდელი ფეხბურთელები სწორად გაიზარდონ. ხვიჩას კონფერენს ლიგაზე მხოლოდ ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული, ისიც საკვალიფიკაციო ეტაპზე, ახლა კი მას ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის შანსი ექნება. მისი გაცნობა ლუჩიანო სპალეტისაც მოუწევს და ამასაც დრო დასჭირდება. ის ამ ბიჭის ძლიერი მხარეების კიდევ უფრო გაძლიერებას ეცდება. საქართველოში მას ქართველ მესის ეძახიან, ხშირად, როგორც ეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ხდება. მაგრამ, ის ახლა სხვა არგენტინელი ჩემპიონის სახლში მიდის, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორია დაწერა: ეს დიეგო არმანდო მარადონაა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.