„ამას არანაირი გამართლება არ აქვს!“ - კობიაშვილი ხაშურში მომხდარ ჩხუბს ეხმაურება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში ხაშურში, „ივერიასა“ და „გლდანის“ ფეხბურთელებს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში კობიაშვილი ამბობს, რომ მომხდარ ფაქტზე სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს, რასაც შესაბამისი რეაგირებაც მოყვება.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ხაშურში. ამ ქალაქში გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა ახალ სტადიონს და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ინციდენტი დაფიქსირდა.
მსგავსი შემთხვევები აზიანებს ჩვენთვის საამაყო სპორტის სახეობას, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ყავს. ვწუხვარ, რომ ასეთი ფორმით მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხაშურის ახალი სტადიონი.
არანაირი გამართლება არ აქვს და ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რაც გუშინ საფეხბურთო მინდორზე ვიხილეთ!
15 ივნისის ინციდენტზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - წერს კობიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-5 ლიგაში ხაშურის „ივერიისა“ და თბილისის „გლდანის“ ფეხბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტში სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარიც იყო ჩართული. სიტუაცია საბოლოოდ სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია „ივერიას“ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც „გლდანის“ ფეხბურთელის მიერ ნასროლი შუშის ბოთლი თავის არეში მოხვდა. ადგილობრივი მედიის განცხადებით, ხელჩართული ჩხუბი სწორედ ამ შემთხვევას მოყვა. სამედიცინო პერსონალის ჩარევის შემდეგ ფეხბურთელს თავზე ორი ნაკერი დაადეს.