"დამამცირებელი მიკერძოება" - კონმებოლი ვენგერის განცხადებას აკრიტიკებს
სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ Conmebol-მა არსენ ვენგერი ევროპის ფარგლებს მიღმა ფეხბურთის დონის შესახებ საუბრის გამო გააკრიტიკა.
ორი კვირის წინ, FIFA-ს ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფრაიბურგში სამწვრთნელო კონფერენციაზე ისაუბრა. იქ მან გაიზიარა მოსაზრება, რომ კილიან მბაპე კამერუნში რომ დაბადებულიყო, დღევანდელ დონეს ვერ მიაღწევდა.
„ნიჭიერი მოთამაშეების ძიების სისტემა საკმარისად კარგად არ მუშაობს. ბევრი ნიჭს ვკარგავთ, რადგან მათ ვერ ვპოულობთ.
კილიან მბაპეს აფრიკული ფესვები აქვს, მაგრამ ევროპაში ვარჯიშობდა. კამერუნში რომ დაბადებულიყო, ისეთი თავდამსხმელი ვერ გახდებოდა, როგორიც ახლაა. არის ევროპა და არის დანარჩენი მსოფლიო. მთელ მსოფლიოს სჭირდება დახმარება, თორემ უამრავ ნიჭს დავკარგავთ“,
- განაცხადა ვენგერმა.
ამ სიტყვების შემდეგ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ განცხადება გაავრცელა და ვენგერის სიტყვებს დისკრიმინაციული უწოდა.
„CONMEBOL უარს ამბობს მიიღოს და გმობს ფიფას მაღალი თანამდებობის პირის, არსენ ვენგერის განცხადებას.
CONMEBOL მტკიცედ არის მოწოდებული ებრძოლოს რასისტულ ან დისკრიმინაციულ გამონათქვამებსა და ჟესტებს, იქნება ეს გულშემატკივრებისგან სტადიონებზე, სპორტსმენებისა და მწვრთნელებისგან სათამაშო მოედანზე, თუ ლიდერებისგან საჯარო განცხადებების საშუალებით. ვენგერის სიტყვები - გარდა იმისა, რომ ავლენს უჩვეულო იგნორირებას აფრიკელი მოთამაშეების ღირებული წვლილის შესახებ მსოფლიო ფეხბურთში და განსაკუთრებით ევროპულ ფეხბურთში - აჩვენებს დამამცირებელ მიკერძოებას, რომელიც ამცირებს ფეხბურთელების და სპორტული ინსტიტუტების ძალისხმევას, რომლებიც „ევროპაში არ არიან". ხშირად ხდება, რომ ყველაზე გასაკიცხი ცრურწმენები შენიღბულია „გონივრული“ აზრებით.
აფრიკელების მსგავსად, ჩვენ სამხრეთ ამერიკელებმაც კარგად და უშუალოდ ვიცით ამ ტიპის დამოკიდებულება, რომელიც გამომდინარეობს რწმენიდან, რომ მშვიდობა იწყება და მთავრდება ევროპაში. აფრიკელი და სამხრეთ ამერიკელი მოთამაშეების ნიჭი, თავგანწირვის სული და წარმატების მიღწევის სურვილი უნდა იყოს დაფასებული და პატივი ვცეთ მას“,
- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.