თუ დე იონგის ტრანსფერი არ გამოვა - ერიქსენი იუნაიტედის რადარზე
გულის პრობლემების შემდეგ, კრისტიან ერიქსენმა საფეხბურთო კარიერა „ბრენტფორდში“ გააგრძელა, სადაც ჩვეულ ფორმაში დადგა და ფეხბურთის თამაში მაღალ დონეზე დაიწყო. დანიელი ნახევარმცველი ახლა თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ იმ კლუბში შეუძლია გადასვლა, სადაც დეფიბრილატორით თამაშის ნებას დართავენ.
ავტორიტეტული გამოცემა The athletic იუწყება, რომ კრისტიანით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდება, მაგრამ ოფიციალურ შეთავაზებას მხოლოდ მას შემდეგ გაუკეთებს, რაც ფრენკი დე იონგის საკითხი გაირკვევა.
აშკარაა, რომ „წითელ ეშმაკებს“ „ბარსელონას“ ნახევარმცველის გადაბირება სურთ, მაგრამ თავად ნიდერლანდელი ფეხბურთელი სხვა აზრზეა და კლუბში დარჩენა სურს. წყაროს ცნობით, ფრენკის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ერიქსენზე გადაერთვება.
თავის მომავალთან დაკავშირებით ერიქსენმა განაცხადა:
„ბევრი სხვადასხვა შემოთავაზება მაქვს, რომელსაც სულ მალე განვიხილავ. სიამოვნებით ვითამაშებდი ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან იქ ყველაფერი სხვანაირია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას ამას პრიორიტეტად არ ჩავთვლი.“
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გასული სეზონის პრემიერ ლიგა მეექვსე ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.