ლაშა ნოზაძე : "ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ორი თამაშის ჯამში გამარჯვებულები გამოვიდეთ"
დღეს, უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის კენჭისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა “საბურთალოს” მომავალი მეტოქე. თბილისური კლუბის მოწინაანღმდეგე ალბანეთის “პარტიზანი” იქნება. წილისყრის დასრულების შემდეგ, “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ მცირე კომენტარი გააკეთა:
“იმ ხუთი სავარაუდო მეტოქეებიდან ყველა თანაბარი იყო, თუ არ ჩავთვლით სან მარინოს “ტრე პენეს”. გვაქვს დრო, რომ მეტოქე შევისწავლოთ და კარგად წარმოვაჩინოთ თავი. “საბურთალო” ყოველთვის მაღალ მიზნებს ისახავს და მინდორზე მხოლოდ მოსაგებად გადის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ორი თამაშის ჯამში გამარჯვებულები გამოვიდეთ და გავახაროთ, როგორც “საბურთალოს”, ასევე ქართული ფეხბურთის ქომაგები. ფეხბურთელობის პერიოდში ალბანელების წინააღმდეგ საკლუბო დონეზე არ მითამაშია, თუმცა ერთხელ, როდესაც 21 წლამდე ნაკრების ღირსებას ვიცავდი, ალბანეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ ტირანაში მომიწია თამაში” – განაცხადა ლაშა ნოზაძემ
საბურთალოს გარდა კონფერენს ლიგაზე თბილისის „დინამო“ და გორის „დილა“ იასპარეზებენ. „დინამოს“ მეტოქე ესტონური „პაიდე“ იქნება. პირველი მატჩი 7 ივლისს, „დინამო არენაზე“ შედგება, საპასუხო მატჩი კი 14 ივლისს, ესტონეთში გაიმართება. გორის „დილას“ მეტოქე კი ფინური „კუპსი“ იქნება. ანდრეი დემჩენკოს გუნდი პირველ მატჩს სტუმრად გამართავს, საპასუხო შეხვედრა კი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 14 ივლისს ჩატარდება.