„ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია
Aa
Aa

„ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია" - ბითაძის ინტერვიუ FIBA-სთან

საქართველოს ნაკრებისა და „ინდიანა პეისერსის“ კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ FIBA-ს ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა და ევრობასკეტის შესახებ ისაუბრა. გოგა თვლის, რომ გულშემატკივრების ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და საქართველოს ნაკრებს წარმატების მიღწევის შანსი ექნება.

„ჩვენი ქვეყნისთვის ეს შესანიშნავი რამაა. ევრობასკეტის მატჩები საკუთარ კედლებში არასდროს ჩაგვიტარებია და ეს, როგორც კალათბურთელებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის ფანტასტიკური გამოცდილება იქნება. საქართველოს ნაკრებში ნიჭიერი კალათბურთელები გვყავს და ყველაფერს გავიღებთ, რათა ჩვენმა თანამემამულეებმა ჩვენით იამაყონ. ჩვენ გვაქვს პოტენციალი და ტალანტი, რათა ძალიან კარგი გუნდები დავამარცხოთ. ამაში დარწმუნებული ვარ და ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ. ეს ყოველი ჩვენგანისთვის საინტერესო გამოცდილება იქნება.

ჩვენი მიზანია, საკუთარ კედლებში გასამართ პირველ რაუნდში კარგად ვიასპარეზოთ და ჩვენი მეექვსე კაცი ან ჩვენი იქს-ფაქტორი, რაც ჩვენი ქომაგების წინაშე ასპარეზობაა, გამოვიყენოთ. გულშემატკივრები მატჩებს დაესწრებიან, მხარს აქტიურად დაგვიჭერენ და ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება. ჩვენი მიზანია, პარკეტზე გავიდეთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა კარგი ტურნირი გამოგვივიდეს. პირველ რიგში, ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ, პლეიოფში კი ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, თუ საკუთარ კედლებში, გულშემატკივრების წინაშე ჩვენი საუკეთესო დონე ვაჩვენეთ, ნებისმიერს დავამარცხებთ.

ჩვენი ჯგუფი მარტივი ნამდვილად არაა. თითოეული გუნდი კონკურენტუნარიანია და ევრობასკეტზე პატარა და სუსტი მეტოქეები აღარ არიან. ვფიქრობ, ამ ზაფხულს, NBA-ის ბევრი კალათბურთელი გადაწყვეტს, რომ ეროვნულ გუნდში ითამაშოს და ამის ნახვა ძალიან კარგი იქნება. ბუნებრივია, ეს სერიოზული გამოწვევაცაა, მაგრამ იგივე მდგომარეობაში არიან გუნდები, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ ითამაშებენ. უდიდეს ენერგიას გავიღებთ, დაცვაში თავს არ დავზოგავთ და გვინდა, თამაშები მოვიგოთ და ევრობასკეტზე შორს გავიდეთ. ჩემი აზრით, უკეთესია, ჯგუფურ ეტაპზე ძლიერ გუნდებს ვეთამაშოთ, რათა პლეიოფებისთვის მზად ვიყოთ. ამ შემთხვევაში, გეცოდინება პლეიოფში როგორ გუნდებთან მოგიწევს შეხვედრა და თან მაღალი დონის გუნდებთან ასპარეზობა გეხმარება, მომდევნო მატჩებისთვის უკეთ იყო მზად.

საქართველოს ნაკრებზე საუბრისას ფიზიკური გაბარიტები სერიოზული ფაქტორია. სამწამიანში ვდომინირებთ და მე, სანდროს, თოკოსა და გიორგის საქმის კარგად გაკეთება შეგვიძლია. გარდა ამისა, მოხსნები და სროლა კარგად გამოგვდის და უამრავი მოხსნის გაფორმება შეგვიძლია. სროლა საქართველოს ნაკრების ყველა კალათბურთელს გამოსდის. გამთამაშებლებსაც ბრწყინვალე მიზანი აქვთ. მაგალითად, რატი ანდრონიკაშვილს შეუძლია, დაცვაში ბრწყინვალედ იასპარეზოს და კარგად ისროლოს, ასე რომ, ძალიან ბევრი იარაღი გვაქვს. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები დაბალანსებული და ნიჭიერი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, თუმცა ამავდროულად, ისეთი გამოცდილი მოთამაშეებიც გვყავს, როგორებიც თოკო და შერმადინი არიან. გუნდში ასეთი ვეტერანი კალათბურთელების ყოლა დიდი ბონუსი და დიდი პლუსია“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველ შეხვედრას ბელგიის წინააღმდეგ გამართავს და ჯგუფში მისი კონკურენტები ესპანეთი, მონტენეგრო, თურქეთი, ბულგარეთი და ბელგია არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წილისყრაში არ გაგვიმართლა - დინამო ბათუმის მეტოქე ცნობილია
წილისყრაში არ გაგვიმართლა - დინამო ბათუმის მეტოქე ცნობილია