„მბაპეს აინტერესებდა შემეძლო თუ არა პსჟ-ში თამაში, მე კი რეალი ავირჩიე“ - ჩუამენი
მადრიდის „რეალმა“ დღეს აურელიენ ჩუამენი ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს ოფიციალურად წარუდგინა.
პრეზენტაციის შემდეგ, ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან ემოციებზე ისაუბრა და მის მიმართ არსებულ პსჟ-ს ინტერესსაც შეეხო.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „რეალის“ ფეხბურთელი გავხდი. ეს მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ ტიტულების აღება და კლუბის ისტორიის დაწერა გავაგრძელოთ.
როდესაც რეალისგან შემოთავაზება მომივიდა არც კი დავფიქრებულვარ. ძალიან მინდა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვო, მადრიდის „რეალი“ კი ამისთვის საუკეთესო კლუბია. აქ ტრანსფერი ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იყო.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა დოზით ახდენდა პსჟ მასზე ზეწოლას და ცდილობდა თუ არა მბაპე მის დარწმუნებას პარიზულ კლუბში გადასვლაზე, ფეხბურთელმა ასე უპასუხა.
კილიანმა პსჟ-ში დარჩენა გადაწყვიტა და ეს მისი არჩევანია. როდესაც გაიგო, რომ „მონაკოს“ დატოვებას ვაპირებდი, დამირეკა და მკითხა მსურდა თუ არა პსჟ-ში წასვლა. მაგრამ მას ვუთხარი, რომ მხოლოდ მადრიდის „რეალში“ მინდოდა თამაში. მან კარგად გამიგო.
როგორც კი „რეალმა“ შეთავაზება გააკეთა, აგენტს ვუთხარი, რომ გარიგება ბოლომდე მიეყვანა. მოლაპარაკებები სხვა კლუბთანაც მიმდინარეობდა, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტული მხოლოდ მადრიდის „რეალი“ იყო.
შეგახსენებთ, რომ აურელიენ ჩუამენი „სამეფო კლუბის“ ღირსებას მომდევნო 6 წლის განმავლობაში დაიცავს. გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესმა ჩუამენის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადა. ამას დამატებული 20 მილიონი ბონუსის სახით. ჯამში კი ამომავალი ვარსკვლავი „ბლანკოსს“ 100 მილიონი ევრო დაუჯდა.
22 წლის ნახევარმცველი „მონაკოს“ 2020 წელს „ბორდოდან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩუამენიმ „მონაკოს“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 95-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.