ბოიკოტი რუს სპორტსმენებს - შევჩენკო ახალ კამპანიას იწყებს
უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი, ანდრეი შევჩენკო ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც რუსი სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზზე დისკვალიფიკაციას ემსახურება. ვეტერანი ფეხბურთელის განმარტებით, ის სპორტსმენები, რომლებიც ომში უკრაინას სოლიდარობას არ უცხადებენ და რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ, საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობა უნდა აეკრძალოს.
ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო კამპანიის სახელწოდება Sport Front-ი იქნება და ის ინფორმაციულ ვიდეორგოლებზე იქნება დაფუძნებული. ამის გარდა, კამპანიის წევრები სხვადასხვა ქვეყნებშიც იმოგზაურებენ და მიზანი საერთაშორისო სპორტული საზოგადოების ყურადღების მიქცევა, რუსეთის ნაკრებების და ასევე სპორტსმენების დისკვალიფიკაცია იქნება.
რას ამბობს შევჩენკო:
უკრაინაში ომის გამო ყველა სტადიონი დადუმდა. ეს სიჩუმე, რომელიც ჩვენს მოედნებზეა დაბომბვით და რაკეტების აფეთქებით ირღვევა. სიჩუმე უკრაინელი ქალებისა და ბავშვების ტირილმა დაარღვია. ამ ყველაფრის ფონზე კი რუსი სპორტსმენების უმრავლესობა ჩუმად არის. ამ დუმილის შედეგად კი უკრაინელი ხალხის მკვლელობა გრძელდება.
იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში სტადიონები დადუმებულია, ჩვენ, სპორტსმენები არ უნდა გავჩუმდეთ. ყველას მოვუწოდებ, რომ რუსი სპორტსმენების და ნაკრებების ბოიკოტს მხარი დაუჭირონ სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება. მხარი დაუჭირეთ უკრაინას სპორტულ ფრონტზე! სიჩუმე კლავს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყაზახეთში, ულანბატორის მასტერსზე რუს ძიუდოისტებს ნეიტრალური სტატუსით (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დროშის ქვეშ) დაუშვებენ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ თუ რუსი სპორტსმენები ტურნირზე მონაწილეობას მიიღებენ, უკრაინული მხარე მასტერსზე მონაწილეობაზე უარს იტყვიან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.