„ლამაზი პერიოდი და ისტორიული სერია
Aa
Aa

„ლამაზი პერიოდი და ისტორიული სერია" - ფრანგული გაზეთი სანიოლსა და საქართველოს ნაკრებზე

ფრანგული გაზეთი, Ouest-France-ი საქართველოს ნაკრებსა და მის მთავარ მწვრთნელზე, ვილი სანიოლზე წერს. ავტორი „ჯვაროსნების“ ბოლოდროინდელ ასპარეზობაზე გვესაუბრება და ქართველთა წარმატებული თამაშის მთავარ შემოქმედებს ასახელებს.

„თუ ერთა ლიგის ოთხმა შეხვედრამ ფრანგებს უსიამოვნო შეგრძნება დაუტოვა, რაც საფრანგეთის ნაკრების იმედგამაცრუებელი შედეგებითა და ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებული პრობლემებითაა განპირობებული, ზოგიერთი ქვეყნისთვის ყველაფერი სხვანაირადაა. ამ მხრივ საქართველო გამორჩეული შემთხვევაა. ჯვაროსნებს 4-დან 3 მოგება და 1 ფრე აქვთ და ჯგუფის ლიდერები არიან.

აღმოსავლეთ ევროპულ ნაკრებს, რომელსაც დიდ ტურნირზე არასდროს უასპარეზია, თავის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სერია აქვს და ზედიზედ 9 შეხვედრაა არ წაუგია. მსგავსი პერიოდი საქართველოს მხოლოდ ერთხელ, 2010 წლის მარტიდან 2011 წლის მარტამდე ჰქონდა, როცა ზედიზედ 10 მატჩი არ დამარცხებულა.

საქართველოს ნაკრების წარმატებული სერიისა და ლამაზი პერიოდის ერთ-ერთი შემოქმედი ვილი სანიოლი გახლავთ. საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მთავარი მწვრთნელის პოსტი 2021 წლის თებერვალში ჩაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ყველაფერი ცუდად დაიწყო და სანიოლის გუნდმა 9-დან 7 შეხვედრა წააგო, ჯვაროსნებმა ძალიან მოუმატეს. მათ შვედეთი დაამარცხეს, რომელიც მაშინ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ადგილს იკავებდა და შემდეგ ვირტუოზული სვლა განაგრძეს. ახალი საქართველოს სიმბოლო ბულგარეთთან გამართული მატჩებია. გასულ სექტემბერში, საქართველომ ბულგარეთთან 1:4 წააგო, 5 ივნისს კი რევანში აიღო და მეტოქე სტუმრად 5:2 გაანადგურა.

საქართველოს ნაკრებში ცოტა ფეხბურთელია ისეთი, რომელიც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში თამაშობს. გიორგი მამარდაშვილი ერთ-ერთი მათგანია. იგი ვალენსიას ღირსებას იცავს და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ვეტერანი გიორგი ლორია ასპარეზობს. დინამო ბათუმში მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია ამ სანაკრებო ფანჯრის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო - 3 გოლი, 2 შედეგიანი გადაცემა.

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 85-ე ადგილზე იმყოფება და 2012 წლის შემდეგ, ამაზე უკეთესი პოზიცია არ დაუკავებია, თუმცა თუ სექტემბერში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან სასურველი შედეგები დააფიქსირა, ერთა ლიგის B ჯგუფში აღზევდება. ეს ამ ნაკრების პროგრესის ამსახველი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, - წერს ფრანგული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, ხოლო 26-ში საუკეთესოს ვინაობას გიბრალტარის წინააღმდეგ გაარკვევს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თურქული მედია: ''მოსალოდნელია, ქართველები ტრაბზონის რადარზე აღმოჩნდნენ''
თურქული მედია: ''მოსალოდნელია, ქართველები ტრაბზონის რადარზე აღმოჩნდნენ''