ხელოვნური ინტელექტი დოპინგთან ბრძოლაში? – WADA-ს ახალი ინიციატივა
მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელოვნური ინტელექტის ჩართვას განიხილავს.
სააგენტოს ხელმძღვანელი ვიტოლდ ბანკა ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის ჩართვამ, შესაძლოა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები საბოლოოდ გადაჭრას და მისი გამოყენებით, ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების აღმოჩენა რამდენიმე საათში მოხდება.
„დოპინგის წინააღმდეგ აქტიურად ვიკვლევთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობას. დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებით და ინტერპრეტაციით შევძლებთ ძირითადი ტენდენციების გამოვლენას. ამგვარად შეგვეძლება ტესტირების პროგრამის კორექტირება, რათა ისინი უფრო ზუსტი და ეფექტური გავხადოთ.
ხელოვნური ინტელექტის სფეროში კვლევები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს წლებში ისინი საინტერესო შედეგებამდე მიგვიყვანს. WADA-ს საბჭოს წევრებმა შემდგომი სამი წლის განმავლობაში ბიუჯეტის გაზრდას მხარი დაუჭირეს. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს კვლევებისთვის ყოველწლიურად მინიმუმ 4,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ“,
- აღნიშნა ბანკამ.