„მისი პროფესია დრიბლინგია, შესაძლებლობები წარმოუდგენელი“ - იტალიური მედია კვარაზე
ზაფხულის სანაკრებო თამაშების დასრულების შემდეგ, იტალიური პრესა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს აქტიურად განიხილავს.
ერთ-ერთი ბოლო, რომელმაც ქართველი ფეხბურთელის შესახებ დაწერა News.Italy-24.com-ია.
რას წერს სააგენტო:
ლუჩიანო სპალეტი „ნაპოლიში“ ინსინიეს შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას დაეყრდნობა. 2001 წელს დაბადებულმა ნიჭიერმა ქართველმა შემტევმა ბოლო თვეებში ძალიან მნიშვნელოვანი თვისებები გამოავლინა. ბათუმის „დინამოში“ გადასვლის შემდეგ მან ისეთი სიხალისე და სიმსუბუქე აღმოაჩინა, როგორსაც ყაზანის „რუბინში“ ვერ აჩენდა.
ერთა ლიგაზე, საქართველოს ნაკრების თამაშებში კვარაცხელიამ თავისი ყველა თვისება გამოავლინა, რაც ნეაპოლისთვის, სპალეტისთვის და ყველა გულშემატკივარისთვის აუცილებელი იყო.
ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი დრიბლინგიორია. მისი საუკეთესო თვისება მოწინააღმდეგეზე გადახტომაა. მას შეუძლია ინდივიდუალური თვისებების მხატვრულად გამოხატვა, დრიბლინგი, კოორდინირებული საფეხბურთო მოქმედება: ის ექსცენტრიულია. „რუბინში“ მას საშუალოდ 6,8 დრიბლინგის მცდელობა ჰქონდა, მასთან ყველაზე ახლოს კი „ზენიტის“ ბრაზილიელი ფეხბურთლები, კლაუდინიო და მალკომი იყვნენ, რომელთაც თითქმის ორჯერ ნაკლები მცდელობა ჰქონდათ: 3,5 და 3,1.
ხვიჩა კვარაცხელიამ ერთა ლიგის 2022 წლის სეზონის 4 მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო - გიბრალტართან, ბულგარეთთან გასვლით შეხვედრაში და ჩრდ. მაკედონიასთან ასევე გასვლით შეხვედრაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოსა და ბულგარეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ 21 წლის ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ნაპოლის“ ივლისში, შეკრების დაწყების შემდეგ შეუერთდება.
უფრო ადრე კი, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.