„შენ შეუძლებელი შეძელი“ - რამოსი მარსელოს დაემშვიდობა
მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, მარსელომ „სამეფო კლუბი“ ოფიციალურად დატოვა.
„რეალის“ ხელმძღვანელობამ ბრაზილიელ ვეტერანს სპეციალური გაცილება მოუწყო და ღონისძიებაზე ყველა ის თასი გამოტანა, რომელიც მარსელომ კლუბში ყოფნის პერიოდში მოიგო.
„ახლა ყველაზე რთული დამშვიდობებაა. „რეალის“ მაისურის ჩაცმა კი ყველაზე ლამაზი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. მომავლის არ მეშინია, რადგან ისტორია უკვე დაწერილია...“, - განაცხადა ფეხბურთელმა გამომშვიდობების დროს.
„რეალიდან“ მარსელოს წასვლას სოციალურ ქსელში კლუბის ყოფილი კაპიტანი და ამჟამად პსჟ-ს ფეხბურთელი, სერხიო რამოსი გამოეხმაურა.
„ძმაო, დღეს გემშვიდობებით, მაგრამ შენი მემკვიდრეობა მარადიული იქნება. შენ შეუძლებელს მიაღწიე, გილოცავ!“- წერს რამოსი.
შეგახსენებთ, რომ მარსელო მადრიდის „რეალს“ 2007 წელს შეუერთდა და ძალიან მალე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა. ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა „რეალთან“ ერთად 15 წლის განმავლობაში ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო, მათ შორის 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.
აღსანიშნავია, რომ მარსელო „ბლანკოსის“ ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. მის ანგარიშზე 25 ტიტულია. ასეთი მაჩვენებელი „რეალის“ ისტორიაში არავის აქვს.
ასევე გეტყვით, 2007 წლიდან დღემდე მარსელომ მადრიდელთა მაისური ყველა ტურნირზე ერთად 545-ჯერ მოირგო, 38 გოლი გაიტანა და 103 საგოლე გადაცემა შეასრულა.