ერთა ლიგა, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ძალიან მაგარი შეკრება გვქონდა!“ - ფეხბურთელები ბულგარეთთან მატჩის შემდეგ

ერთა ლიგის მე-4 ტურში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ბულგარეთს შეხვდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა განვლილი მატჩი შეაფასეს:

გურამ კაშია:

სიმართლე გითხრათ, ტურნირის დაწყებამდე რომ გეთქვათ 10 ქულა გვექნებოდა და ამდენ გოლს გავიტანდით, ცოტა რთული დასაჯერებელი იქნებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა გვჯეროდა, რომ თამაშებს მოვიგებდით. რთული ჯგუფია, ერთი აუტსაიდერი და სამი თითქმის თანაბარი დონის გუნდი. ისეთი სხვაობა შევქმენით ამ თამაშებში, რომ თავს კომფორტულად ვგრძნობთ. ძალიან მაგარი შეკრება გვქონდა. ასეთ მოკლე დროში 4 თამაში ძალიან რთულია, მაგრამ 10 ქულა მოვაგროვეთ და ძალიან მაგარი შედეგია.

დავით ხოჭოლავა:

სიმართლე გითხრათ 12 ქულას ვგეგმავდით. ამ თამაშების შემდეგ ორმაგი გრძნობა მაქვს. ერთისმხრივ, 4 თამაშის შემდეგ 10 ქულა ძალიან კარგი შედეგია, პირველ ადგილზე ვართ და ყველაფერი ჩვენს ხელშია. მეორესმხრივ, გვქონდა იმის შანსი, რომ მოგვეგო და კარგი მომენტები ვერ გამოვიყენებდი. მთლიანობაში, ამ შეკრებას კარგად შევაფასებდი.

გიორგი ლორია:

ძალიან მძიმე თამაში იყო იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მოკლე დროში 4 თამაშის ჩატარება მოგვიწია, რის გამოც დაღლილობაც იგრძნობოდა. საერთო ჯამში, 10 ქულას ალბათ ცოტა თუ ელოდა. ვფიქრობ, რომ ეს შეკრება დადებითად უნდა შეფასდეს. გასვლით თამაშებში ასეთი დამაჯერებელი მოგებები და ის, რომ იმედი ისევ გაჩნდა, იმაზე მეტყველებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.

ბუდუ ზივზივაძე:

სასტარტოში როტაციის გამო არ ვიყავი. მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ უფრო დასვენებული მიქაუტაძე იყო და სასტარტოდან მას უნდა დაეწყო. რაც შეეხება შეხვედრას, ძალიან რთული თამაში იყო, იმიტომ რომ მეტოქე 90 წუთის განმავლობაში თავს იცავდა. ამის მიუხედავად, გვქონდა რამდენიმე მომენტი, რომლის გამოყენებაც შეგვეძლო, თუმცა არ გაგვიმართლა. ვფიქრობ, 4 თამაშში 10 ქულა კარგია. ვერც ვიფიქრებდით, რომ ზედიზედ სამ თამაშს მოვიგებდით, თუმცა მწვრთნელების სწორი მუშაობით და ფეხბურთელების თავდადებით ამას მივაღწიეთ. ჯგუფში ისევ პირველ ადგილზე ვართ და დაწყებულ საქმეს სექტემბერში აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.

გიორგი წიტაიშვილი:

დღევანდელი შედეგით გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ 10 ქულა მაინც კარგია. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი შეგვეძლო, მაგრამ ბულგარეთმა დაცვაში კარგად ითამაშა, რის გამოც გოლის გატანა საკმაოდ გართულდა. ჩემთვის სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო ერთ-ერთი საუკეთესო იყო რაც აქამდე მინახავს, დიდი მადლობა გულშემატკივრებს მოსვლისთვის და მხარდაჭერისთვის. როცა ასეთ მხარდაჭერას ხედავ, მოტივაცია ორმაგდება.

ოთარ კიტეიშვილი:

რა თქმა უნდა, სათამაშო უპირატესობას ვფლობდით, ეს ყველამ დაინახა, გვქონდა ბურთის კონტროლი, მაგრამ რთული იყო სახიფათო მომენტების შექმნა, რადგან მეტოქე ძალიან კარგად იცავდა თავს. ძალიან ქვემოდან გვეთამაშებოდნენ და კონცენტრირებულნი იყვნენ დაცვაში თამაშზე. სამომავლოდ, ალბათ ამაზე სამუშაო გვაქვს. როდესაც მეტოქე დაცვიდან გვეთამაშება, ნორმალურია, რომ მომენტების შექმნა რთულია. იმედია ამას გამოვასწორებთ. ნამდვილად გვაქვს იმის უნარი და შესაძლებლობები, რომ ამ შემთხვევაშიც მოვახერხოთ საგოლე მომენტების შექმნა.

ნიკა კვეკვესკირი:

ერთა ლიგის დაწყების წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ 4 თამაშის შემდეგ 10 ქულა გვექნებოდა, დარწმუნებული ვარ ყველა დაუფიქრებლად დათანხმდებოდა. ამ გადმოსახედით თუ ვიმსჯელებთ, კარგი შედეგია. მაგრამ, იმ თამაშისგან და ხარისხისგან, რასაც გუნდი აჩვენებდა და რამდენი გოლიც გაჰქონდა, როგორც ვთამაშობდით დაცვაში, გუნდურად, ერთსულოვნად, ეს წარუმატებლობა დასანანია. ასეთი ნაკრებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ამ გულშემატკივრების, სავსე „დინამო არენას“ წინაშე ნამდვილად წარუმატებელია ეს შედეგი.

ხვიჩა კვარაცხელია:

ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ, მაგრამ 4 თამაშში 10 ქულა ჩემი აზრით ცუდი შედეგი არ არის. მთავარი მისია ჯერ არ შეგვისრულებია, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. სექტემბრისთვის ძალიან მაგრად უნდა მოვემზადოთ, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ვფიქრობ, რომ გადამწყვეტ ფაზაში სიმწვავე დაგვაკლდა. ასეთ გუნდებთან, რომლებიც დაცვიდან გვეთამაშებიან, ერთი მომენტიც ძალიან მნიშვნელოვანია. გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა ასეთი მაგარი ატმოსფეროს შექმნისთვის. მათი მხარდაჭერა ჩვენ დიდ მოტივაციას გვაძლევს. ყველას დიდი მადლობა, ვინც დღევანდელ მატჩზე მოვიდა.

4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის სატურნირო ცხრილში 10 ქულა აქვს და პირველ ადგილს იკავებს, მეორე პოზიციაზე კი ჩრდ. მაკედონიის ნაკრები იმყოფება, რომელმაც პარალელურად მიმდინარე მატჩში გიბრალტარი 4:0 დაამარცხა და 7 ქულა მოაგროვა.

ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბულგარული მედია: ფეხბურთელებმა ძლიერ შეტევებს თავი კარგად გაართვეს
ბულგარული მედია: ფეხბურთელებმა ძლიერ შეტევებს თავი კარგად გაართვეს