ერთა ლიგა, ეროვნული ნაკრები, ვილი სანიოლი
Aa
Aa

სანიოლი: ,,მომთხოვნი მწვრთნელი ვარ, ფეხბურთელებმა კი დადებითად მიპასუხეს"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა დინამო არენაზე გამართა და ნულოვანი ფრით დაასრულა (0-0), რითაც თავი 9-მატჩიან წაუგებელ სერიას მოუყარა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

,,გასულ 4 მატჩს დადებითად ვაფასებ. ალბათ, ამდენ ქულას ბევრი არც ელოდა. ვფიქრობ, უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ერთა ლიგის 4 მატჩი, არამედ, ბოლო 9 შეხვედრა: რას მიაღწია გუნდმა, რა შეიცვალა -  7 მატჩი მოვიგეთ, 7 შეხვედრაში კი გოლი არ გაგვიშვია, ამიტომ კმაყოფილი ვარ.  მომთხოვნი მწვრთნელი ვარ,  ფეხბურთელებმა კი დადებითად მიპასუხეს.

90 წუთში ბულგარეთს არცერთი საგოლე შანსი არ შეუქმნია, დაცვის ხაზითა და მათი გაწეული შრომით კმაყოფილი ვარ. პრობლემა იყო ის, რომ მატჩის ბოლოს ,,საწვავი" გაგვითავდა და ფიზიკური კონდიციები აღარ იყო დამაკმაყოფილებელი. 

საბოლოო ჯამში, ყველა ბოლომდე დაიხარჯა: ეს ეხება ფეხბურთელებს, გულშემატკივარსა და პერსონალს. როცა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება შეგაქვს, შესაძლოა, მატჩის სცენარი შეიცვალოს. ცვლილებები სრულიად ჩემი გადაწყვეტილება იყო, იყო თუ არა ეს სწორი, თქვენი გადასაწყვეტია. ცვლილებების მთავარი მიზეზი დატვირთული კალენდარია, 10 დღეში 4 მატჩის ჩატარება მოგვიწია. როგორც ნებისმიერი მწვრთნელი, მეც იდეალურ სასტარტო შემადგენლობას ვარჩევ, თუმცა ხანდახან ეს სხვადასხვა მიზეზით არ ხერხდება. კარგია, რომ ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, ჩვენი იდენტობა შევინარჩუნეთ. ეს ცვლილებები ნიშნავს იმას, რომ არჩევანი და მრავალფეროვნება დიდია. შემადგენლობაში 29 ფეხბურთელია, ყველა მნიშვნელოვანია და მათით კმაყოფილი ვარ.

შესაძლოა, ზოგიერთი თქვენგანი იმედგაცრუებულია, თუმცა 4 მატჩში 10 ქულა ურიგო არ არის. იმედია, სექტემბერში მეტად ენერგიულ შეხვედრებს ჩავატარებთ და წარმატებას მივაღწევთ".


მიმდინარე ერთა ლიგა ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის წარმატებულია. საქართველოს ნაკრებმა 12 გოლი გაიტანა, მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა, 3 შეხვედრა მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და საკუთარი,  C4 ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიმდინარე ერთა ლიგის ციკლის შეხვედრები სექტემბერში ელის: 23 სექტემბერს ჩრდილოთ მაკედონიას სახლში მიიღებს, 26 სექტემბერს კი გიბრალტარს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ვინ დაიმსახურა ყველაზე მაღალი შეფასება ბულგარეთთან მატჩში
Sofascore - ვინ დაიმსახურა ყველაზე მაღალი შეფასება ბულგარეთთან მატჩში