შენგელია ბოლონიას ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა
გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა.
წყაროს ცნობით, თოკო იტალიურ კლუბთან ახალ 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. 30 ივნისს, შენგელიას ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა გასდის, რის შემდეგაც ქართველი „ბლონიასთან“ 2+1 სისტემის ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
Virtus, a Milano per gara-3 con uno Shengelia in più: rinnova per due anni #basket #LBAFinals2022 https://t.co/ZrFbkUXuIj
— La Gazzetta dello Sport (@Gazzetta_it) June 12, 2022
ომის შემდეგ, ცსკა-დან „ბოლონიაში“ წასული შენგელიას გადაბირებას „ბარსელონა“ გეგმავდა. კატალონიელები ბრენდონ დევისის შემცვლელს ეძებენ, რომელმაც კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. „ბარსას“ ნომერ პირველი სამიზნე იან ვესელია, თუმცა ესპანური Mundo Deportivo-ს ცნობით, შენგელიას კანდიდატურაც აქტიურად განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგა.
ისიც დაიწერა, რომ თოკოს NBA-ში დაბრუნება ჰქონდა განზრახული. შეგახსენებთ, რომ შენგელია ლიგაში დრაფტზე 2012 წელს 54-ე ნომრად აირჩიეს და ლიგაში ორი სეზონი გაატარა. ამ წლების განმავლობაში თოკო „ბრუკლინ ნეთსისა“ და „ჩიკაგო ბულსის“ ღირსებას იცავდა. ქართველმა კალათბურთელმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია 2014 წელს დატოვა და ესპანურ „ბასკონიაში“ გადავიდა, სადაც კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.