''როცა ასეთი თავდაჯერებული მეკარე გყავს, ეს დიდი ძალაა'' - ყაველაშვილი მამარდაზე
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საწყის სამ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა. გიბრალტართან, ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვებების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' ისაუბრა.
''ეს საწყისი ეტაპია. ერთსულოვნება იგრძნობა. როგორ შეიძლება, შინაგანად არ განიცდიდეს, ვისაც თამაში არ უწევს, მაგრამ ერთსულოვნება გარეთაც იგრძნობა. მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების თამაში ყოველთვის უნდა იყოს დღესასწაული. შეგვიძლია გამოვაცხადოთ, რომ საქართველოს ნაკრების ნებისმიერი თამაში დღესასწაულია. დადებითი განწყობა თამაშის ხარისხსა და შედეგზე აისახება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან საწყისი ეტაპი ძალიან რთული იყო, სადაც გამოჩნდა ჩრდილოეთ მაკედონიის ძალა, რომელმაც ევროპის ჩემპიონი იტალია დაამარცხა''.
ყაველაშვილმა გიორგი მამარდაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
''მიუხედავად იმისა, რომ მაღალი დონის მეკარეები გვყავს, მამარდაშვილი რატომ არის გამორჩეული? ამ ბიჭის დამაჯერებლობა საიდან მოვიდა? ესპანეთის თასის ნახევარფინალში ''სან მამესზე'' მამარდაშვილის კარის უკან ვიჯექი. ვფიქრობდი, გაუძლებს? ძალიან მშვიდი და დამაჯერებელი იყო, ეს ბიჭი უკვე ჩამოყალიბებულია. რატომ არის აუცილებელი, იბრძოლო და იმუშავო ბევრი, რომ რომელიმე მაღალი დონის გუნდში მოხვდე. ეს დიდ გამოცდილებასა და თავდაჯერებას გძენს. როცა ასეთი თავდაჯერებული მეკარე კარში გიდგას, ეს ძალიან დიდი ძალაა.
ვიცი, რომ ხვიჩა კვარაცხელიას უსაზღვროდ უყვარს ფეხბურთი. მას ფეხბურთის გარეშე არ შეუძლია. მამარდაშვილის მსგავსად მასაც დიდი შანსი ეძლევა, რომ სერია ა-ში თავი გამოიჩინოს და სხვა ქართველ ფეხბურთელებს დიდი ძალა შემატოს. რამდენიმე მოთამაშე, რომელიც მაღალი დონის გუნდში თამაშობს, ეროვნულ ნაკრებში განწყობის შემომტანია. რომელიც სხვათაშორის დღეს სუფევს ეროვნულ გუნდში''.
12 ივნისს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა სრულად შეივსება. ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩს საქართველოსა და ბულგარეთს შორის 54 139 ადამიანი დაესწრება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, 12 ივნისს, 20:00 საათიდან შემოგვთავაზებს.