15-წლიანი მადრიდული კარიერა დასრულდა - მარსელო რეალიდან წავიდა
გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ვრცელდებოდა ხმები, რომ მადრიდის „რეალს“ მარსელო დატოვებდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელმა უკანახაზელმა 15-წლიანი მადრიდული კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია „სამეფო კლუბის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
ხვალ, მარსელო მადრიდული გრანდის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან ისაუბრებს და კლუბს დაემშვიდობება.
Comunicado Oficial: Marcelo.#RealMadrid
— Real Madrid C.F. (@realmadrid) June 12, 2022
მარსელოს კარიერა „რეალში“
„მარსელიტო“ „სამეფო კლუბს“ 2007 წელს შეუერთდა და ძალიან მალე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა. ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა „რეალთან“ ერთად 15 წლის განმავლობაში ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო, მათ შორის 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.
აღსანიშნავია, რომ მარსელო „ბლანკოსის“ ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. მის ანგარიშზე 25 ტიტულია. ასეთი მაჩვენებელი „რეალის“ ისტორიაში არავის აქვს.
ასევე გეტყვით, 2007 წლიდან დღემდე მარსელომ მადრიდელთა მაისური ყველა ტურნირზე ერთად 545-ჯერ მოირგო, 38 გოლი გაიტანა და 103 საგოლე გადაცემა შეასრულა.