ერთა ლიგა, ეროვნული ნაკრები, ვილი სანიოლი
Aa
Aa

ვილი სანიოლი: ,,მთავარია, ჩემი გადაწყვეტილებები სამართლიანი იყოს"

მიმდინარე ერთა ლიგა ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის წარმატებულია. საქართველოს ნაკრებმა 12 გოლი გაიტანა, მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა, სამივე შეხვედრა მოიგო და საკუთარი ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრას ბულგარეთის წინააღმდეგ, საკუთარ კედლებში ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა გუნდმა ბულგარეთი სტუმრად, უხვგოლიან შეხვედრაში (2-5) დაამარცხა, რის შემდეგაც, მთავარმა მწვრთნელმა, იასენ პეტროვმა გუნდი დატოვა.

ვილი სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენციიდან

,,შესაძლოა, ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ამდენი შეხვედრა არ წააგო, მე ვფიქრობ, რომ  ისეთი სამწვრთნელი შტაბი გვყავს შეკრებილი, რომელიც ფეხბურთელებს მოდუნებისა და ზედმეტი თავდაჯერების საშუალებას არ მისცემს. 

ოფიციალურ მატჩებამდე 7 დღიანი შეკრება გვქონდა და სტანდარტულებზე ვივარჯიშეთ, ეს საშუალება ოქტომბერში არ მოგვეცა. ახლა უკვე ჩანს ის თავდაჯერება, რომელსაც ფეხბურთელები მოედანზე ავლენენ, მათ რისკის არ ეშინიათ და ეს თამაშის ხარისხსა და შედეგებზე ისახება.

გიორგი წიტაიშვილი ახალ სისტემაში მშვენივრად ჩაჯდა და მარცხენა ფლანგზე დამაჯერებლად გამოიყურება, როგორც ეს ირაკლი აზაროვის შემთხვევაშია. არაერთხელ მაქვს აღნიშნული, რომ 3 შესანიშნავი მეკარე მყავს, ამიტომ არ ყოფილა არანაირი რისკი, რომ ჩრდილოთ მაკედონიის წინააღმდეგ, ამჯერად კარში გიორგი ლორიას ნაცვლად გიორგი მამარდაშვილი ყოფილიყო. მოკლედ რომ ვთქვათ, ფეხბურთელების არჩევანი გვაქვს და არსებული კონკურენტუნარიანი რესურსი უნდა გამოვიყენოთ, ეს ოთარ კიტეიშვილის მაგალითზეც ნათლად ჩანს, რომელმაც მოედანზე ბევრი დრო არ დაჰყო, თუმცა შესანიშნავი მოთამაშეა.

რაც შეეხება ბექა მიქელთაძეს, ის გიორგი ქვილითაის ტრავმის შემდეგ შემოგვიერთდა. ბექა მიქელთაძე და გრიგოლ ჩაბრაძე ყველა ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯებოდნენ, მიუხედავად იმის, რომ საბოლოოდ, ორივე მათგანი მატჩს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა.  მათ სანაკრებო გარემო კარგად უნდა აღიქვან. მიქელთაძის პოზიციაზე კი კონკურენცია დიდია და მას ამ კონკურენციის დაძლევა მოუწევს, ნაკრებში ყოფნა მისთვის სამომავლოდ დიდი გამოცდილება იქნება, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.

გიორგი ჩაკვეტაძის გამოძახება სტაფთან ერთად გადავწყვიტე, მიუხედავად იმისა, რომ ჰამბურგში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. ვიცოდით, რომ ეს მისთვის საუკეთესო სიტუაცია არ იყო, თუმცა გვინდოდა, გაგვეხმნევებინა. გიბრალტართან თამაშით კმაყოფილი ვარ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მომენტს პირველ ტაიმში. სხვების მსგავსად, ჩაკვეტაძეც გუნდის ნაწილია. გულახდილად რომ გითხრათ, ბოლო 2 კვირის განმვლობაში დადებითად გაკვირვებული ვარ ჩაკვეტაძით, ის ბევრს მუშაობს, კარგად ითამაშა გიბრალტართან და განაცხადს მიღმა დარჩენის შემთხვევაშიც სახეზე ღიმილი ჰქონდა. 

ამ გუნდში მენტალობა ჩანს და ჩვენი მიზანი სწორედ ამ მენტალობის შენარჩუნებაა. გასულ მატჩებში მიზანი ძალების თანაბრად გადანაწილება იყო. მწვრთნელმა გარკვეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მთავარია ეს გადაწყვეტილებები სამართლიანი იყოს. შეიძლება ეს არ იყოს რაღაც მხრივ სწორი, მაგრამ მნიშვნელოვანია იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება. 

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ნაკრებში მატჩებს კონკრეტული ფეხბურთელები არ იგებენ, შეხვედრებს გუნდი გუნდურად იგებს".

12 ივნისს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა სრულად შეივსება. ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩს საქართველოსა და ბულგარეთს შორის 54 139 ადამიანი დაესწრება. 

მატჩის წინ, სოციალურ ქსელში გაჩნდა მოწოდება, რომ სრულად სავსე დინამო არენამ ბულგარეთის ნაკრების მე-8 ნომერი, მატჩის მე-8 წუთზე, სიმბოლურად, აპლოდისმენტებით გაამხნევოს. ამისთვის მატჩის დღეს, დინამო არენაზე დროულად მისვლაა საჭირო. როგორც მოგეხსენებათ, თბილისში ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების დელეგაცია ავტოავარიაში მოყვა. ინციდენტი 10 ივნისს, საღამოს აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად, ბულგარეთის ნაკრების ერთი ფეხბურთელი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, თუმცა ფეხბურთელის მდგომარეობა  სტაბილურია. დელეგაციის სხვა წევრები არ დაშავებულან. როგორც ბულგარულ მედიაში დაიწერა, ნედელევი ავტობუსში უკანა სავარძელზე იმყოფებოდა და დაჯახების მომენტში ყველაზე მეტად ის დაშავდა. სახისა და თავის არეში მინის ნამსხვრევები მოხვდა, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღო.

,,მსურს, ჩვენი ნაკრების სახელით  სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო. ჩვენთვის ეს დიდი შოკი იყო, ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა, ეს  ჩვენ, ნებისმიერს შეგვემთხვეს", - აღნიშნა სანიოლმა.

ვილი სანიოლის პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, დინამო არენაზე საქართველოს ნაკრები ბოლო, მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. მოგვიანებით, მეტოქე მხარეც შეხვდება მედიას, რომელსაც CrystalSport-ი ასევე შემოგთავაზებთ.

საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, 12 ივნისს, 20:00 საათიდან შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანორთოსისი ქეცბაიას სოლიდურ  კომპენსაციას გადაუხდის
ანორთოსისი ქეცბაიას სოლიდურ კომპენსაციას გადაუხდის