ბულგარეთის პრესკონფერენციიდან: ,,ეს ძალიან რთულია, ბოლო 48 საათია არ გვიძინია"
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე შეხვედრა სტუმრად, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე სოლიდური უპირატესობით, ანგარიშით - 2-5 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ბულგარეთის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა, იასენ პეტროვმა დატოვა, რომელიც გეორგი ივანოვმა შეცვალა. გეორგი ივანოვი ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციაში ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე მუშაობს, თუმცა საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაში მთავარი მწვრთნელის ფუნქციას შეითავსებს.
მატჩისწინა პრესკონფერენციიდან
,,პირველ რიგში, სამწუხარო ინცედენტზე რამდენიმე სიტყვას ვიტყვი , რომელიც 10 ივნისს შეგვემთხვა. მინდა, ჩვენი გუნდისა და ფეხბურთის ფედერაციის სახელით ყველას მადლობა გადაგიხადოთ. მინდა, მადლობა ვუთხრა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებსაც, ქართული მხარე დილამდე გვერდში გვედგა. ეს ჩვენთვის არატრადიციული ფორმატია, ბოლო 48 საათია არ გვიძინია. ჩვენი ფეხბურთელი , ტოდორ ნედელევი ძლიერია და მისი იმედი გვაქვს. ამ მომენტშიც და ზოგადად, ყველაზე მთავარი ფეხბურთელის ჯანმრთელობაა.
დილას კლინიკაში ვიმყოფებოდით, სადაც ტოდორის ოპერაცია ჩატარდა, ის კომიდან გამოვიდა, კიდურებს უკვე ამოძრავებს და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.
კატასტროფის შემდეგ მას ამნეზია აღენიშნებოდა და მარჯვენა თავის ქალიდან ძლიერი სისხდენა ჰქონდა. მადლობა ინგოროყვას კლინიკას, მათ მაქსიმუმი გაიღეს და სასურველი შედეგი მივიღეთ. ოპერაციის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. სასწრაფო გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო ვაპირებდით თუ არა მისთვის ოპერაციის გაკეთებას, გავესაუბრეთ ოჯახს და თანხმობის შემდეგ ქირურგიული ოპერაცია შედგა. სრულ ოპერაციას თავად დავესწარი.
დაახლოებით 2 დღე დაკვირვების ქვეშ კიდევ იქნება, შემდეგ კი სტაბილური დინამიკიდან გამომდინარე დაზუსტდება რამდენი დრო დაჭირდება მის სრულ გამოჯანმრთელებას. იმედს ვიტოვებ, რომ ტოდორი სულ მალე ისევ შემოგვიერთდება. ამ ყველაფერს რამდენიმე თვე დასჭირდება, თუმცა ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს ტრავმა ისეთი არ არის, ტოდორი ფეხბურთს ჩამოშორდეს. როდესაც გუნდი გაფრინდება, მასთან, თბილისში, სამწვრთნელი შტაბიდან ადამიანი დარჩება. ასევე, მოგვიანებით მისი ტრანსპორტირება ბულგარეთში უნდა მოხდეს, რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ და ფეხბურთელის ჯანმრეთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საუკეთესოს შევარჩევთ.
რაც შეეხება მეტოქეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები კარგად გამოიყურება და საქებარი სიტყვები ეკუთვნის, ჩვენ კი ბოლო დღეების გათვალისწინებით დასტრესილები ვართ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სრულ მონდომებას არ გამოვავლენთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატჩის გადადება გვსურდა, თუმცა ასე არ არის. შეხვედრისთვის მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ და ამ შეხვედრას ჩვენი ფეხბურთელისა და ბულგარეთისთვის ვითამაშებთ.
ჩვენ UEFA-სა და საქართველოს ნაკრებთან არსებული საკითხი განვიხილეთ. თუ ეს მატჩი 1-2 დღით გადაიდებოდა, არაფერს ცვლიდა, ამიტომ შეხვედრა შედგება. მაქვს ინფორმაცია, რომ ქართველი გულშემატკივარი მე-8 წუთზე ჩვენს მხარდაჭერას გეგმავს".
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ბულგარეთის ეროვნული ნაკრები მატჩისწინა, ბოლო ვარჯიშს დინამო არენაზე გამართავს, იქამდე კი ქართული მხარის მატჩისწინა პრესკონფერენცია და ვარჯიში შედგა.
ვილი სანიოლი: ,,მთავარია, ჩემი გადაწყვეტილებები სამართლიანი იყოს"
12 ივნისს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა სრულად შეივსება. ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩს საქართველოსა და ბულგარეთს შორის 54 139 ადამიანი დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების დელეგაცია ავტოავარიაში მოყვა. ინციდენტი 10 ივნისს, საღამოს აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად, ბულგარეთის ნაკრების ერთი ფეხბურთელი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, თუმცა ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია. დელეგაციის სხვა წევრები არ დაშავებულან. როგორც ბულგარულ მედიაში დაიწერა, ნედელევი ავტობუსში უკანა სავარძელზე იმყოფებოდა და დაჯახების მომენტში ყველაზე მეტად ის დაშავდა. სახისა და თავის არეში მინის ნამსხვრევები მოხვდა, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღო.
მიმდინარე ერთა ლიგა კი ვილი სანიოლის ფორმაციის ეროვნული ნაკრებისთვის წარმატებულია. საქართველოს ნაკრებმა 12 გოლი გაიტანა, მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა, სამივე შეხვედრა მოიგო და საკუთარი ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, 12 ივნისს, 20:00 საათიდან შემოგვთავაზებს.