ზანთარაია: „სამარცხვინო პოზიცია, თუ რუსებს დაუშვებენ, ჩვენ არ გამოვალთ
Aa
Aa

ზანთარაია: „სამარცხვინო პოზიცია, თუ რუსებს დაუშვებენ, ჩვენ არ გამოვალთ"

უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი, გიორგი ზანთარაია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუს სპორტსმენებს ულან-ბატორში ჩანიშნულ ტურნირზე მონაწილეობის მიღების უფლება ექნებათ. ზანთარაიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ თუ ვითარება არ შეიცვალა, ტიტულებს დათმობს და აღნიშნული შეჯიბრი უკრაინელების გარეშე ჩაივლის.

„ახლახან, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე წავიკითხე, რომ რუსი სპორტსმენები, რომლებიც ულან-ბატორის ტურნირზე გამოსასვლელად დარეგისტრირებული არიან, შეჯიბრებაზე მონაწილეობის მიღებას ნეიტრალური სტატუსით (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დროშის ქვეშ) შეძლებენ. უკვე დავწერე, რომ შეუძლებელია, სპორტი პოლიტიკურ პრობლემებს განუდგეს, განსაკუთრებით თუ საქმე ომს ეხება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი მესიჯი გავავრცელო.

თუ რუსი სპორტსმენები ტურნირში მონაწილეობის მიღების უფლებას მიიღებენ, ყველა ჩემს ტიტულსა და მსოფლიო ჩემპიონის წოდებას ოფიციალურად დავთმობ. სამარცხვინოა, რომ ჩემი საყვარელი სპორტის ფედერაცია, რომელიც ყოველთვის ხაზს უსვამდა ისეთ ღირებულებებს, როგორიც მშვიდობა, ერთიანობა და მეგობრობაა, ახლა, პასიურად მხარს უკრაინაში მიმდინარე ომს უჭერს. გვერდზე ვერ დავდგები და მინდა, ყველამ იცოდეს, რომ, როცა თქვენ, ამ ტურნირზე რეგისტრირდებით, უკრაინაში უამრავი ადამიანი იღუპება, უფრო მეტი კი ყოველდღიური დაბომბვებისა და აფეთქებების ქვეშ ცხოვრობს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ თუ რუსებს მონაწილეობის უფლებას მისცემენ, თუნდაც ნეიტრალური სტატუსით, ამ ტურნირზე უკრაინელ სპორტსმენებს ვერ იხილავთ.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპორტი, რომელსაც მთელი ცხოვრებაა მივსდევ და მისი მთავარი წარმომადგენლები, უკრაინის მხარეს იყვნენ. ქვეყნის, სადაც გავიზარდე, ვცხოვრობდი, ვმუშაობდი და ქვეყნის, რომელიც რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, ვერ ფუნქციონირებს“.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილი ფენომენია“ - იტალიელი ჟურნალისტები ხვიჩაზე
„ნამდვილი ფენომენია“ - იტალიელი ჟურნალისტები ხვიჩაზე