სიბნელიდან სინათლემდე - საქართველო ევროპაში საუკეთესო ნაკრებია
Aa
Aa

სიბნელიდან სინათლემდე - საქართველო ევროპაში საუკეთესო ნაკრებია

„სიბნელიდან სინათლემდე: საქართველო ევროპაში საუკეთესო ნაკრებია“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Goal.com-ი და „ჯვაროსნების“ პროგრესზე გვესაუბრება.

„საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც დაარსების დღიდან საფეხბურთო სამყაროს რადარებზე ვერასდროს ხვდებოდა, 2022 წელს აფეთქდა. 12 გოლი ერთა ლიგის პირველ სამ შეხვედრაში. ვილი სანიოლი ისტორიის დაწერას ცდილობს, კვარაცხელია კი ბრწყინავს.

ერთა ლიგა არის ტურნირი, რომელიც ევროპის ნაკლებად ცნობილ ნაკრებებს კონტინენტის მთავარ გათამაშებაზე მოხვედრის შანსს აძლევს. მართალია, უმეტეს წილად, ერთა ლიგა დიდი გუნდების ლუკმაა, მაგრამ ნელ-ნელა მოულოდნელ აღზევებებსაც ვხედავთ და საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი მაგალითია. ეს გუნდი სტაბილურად პროგრესირებს და ამ ფაქტის იგნორირება აღარ შეიძლება. 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის შემდეგ დაარსებული ნაკრები უკვე 3 დეკადაა, რაც საფეხბურთო სამყაროს რადარებზე ვერ ხვდება. მისი არსებობა მხოლოდ მილანური პუბლიკისთვის იყო ცნობილი, ისიც ანჩელოტის გუნდში ყოფნისას, ტალანტები კი, რომლებიც საქართველოს წარმოადგენდნენ, იმედებს ვერ ამართლებდნენ და გრძელვადიან ტესტებს ვერ აბარებდნენ, მაგრამ ამჯერად, რაღაც ნამდვილად შეიცვალა.

თბილისში, მის შემოგარენში და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბადებულ ახალგაზრდა მოთამაშეებს თავიანთი საფეხბურთო უნარების საჩვენებლად სჭირდებოდათ მწვრთნელი, რომელსაც სწორი დამოკიდებულება და გამოცდილება ექნებოდა და ვილი სანიოლის კანდიდატურა იდეალური ვარიანტი აღმოჩნდა. ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი, რომლის დანიშვნაც მოულოდნელობა იყო, აკლიმატიზაციის პერიოდის გავლის შემდეგ, ქმნის გუნდს, რომელიც ევროპის სხვადასხვა ჩემპიონატში მოთამაშე ვეტერანებითა და დიდი კლუბების ყურადღების ცენტრში მყოფი ახალი ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული.

მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელია. დინამო ბათუმის 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც მალე ნაპოლიში გადავა. იგი ორივე ფეხს შესანიშნავად იყენებს, შეტევაში ფაქტობრივად ყველა პოზიციაზე თამაშობს და ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების სიმბოლოა, რომლებსაც სურთ, რომ ევროპაში თავიანთი ქვეყნის ღირსება დაიცვან. ამას თავი რომ დავანებოთ, ერთა ლიგაზე მიღწეული შედეგი ყველაფერს იდეალურად ასახავს. ტურნირის საწყის სამ შეხვედრაში, სანიოლის გუნდმა 12 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 ბურთი მიიღო. ქართველები მეორეადგილოსან ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელმაც იტალიის ნაკრების ოცნება დაამსხვრია, უკვე 5 ქულით უსწრებენ.

სკუადრა აძურაზე საუბრისას ბულგარეთიც უნდა ვახსენოთ, რომელიც ამავე ჯგუფში იმყოფება და წარსულში დაამტკიცა, რომ იტალიის შეჩერება შეუძლია. საქართველომ ბულგარეთი 5:2 დაამარცხა, გიბრალტარს 4:0 მოუგო, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიას სტუმრად 3:0 სძლია. სანიოლი 3-4-2-1 ტაქტიკას იყენებს, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე ცხრიანის პოზიციაზე თამაშობს და მას ფლანგებიდან კვარაცხელია და დავითაშვილი ეხმარებიან, მეკარე კი გიორგი მამარდაშვილი გახლავთ, რომელიც ვალენსიას რიგებში ასპარეზობს.

სანიოლის ბიჭების კლუბები მთელი ევროპის მასშტაბით არიან მიმოფანტული. დაწყებული დანიიდან, დამთავრებული ბელგიითა და პოლონეთით. ვეტერანი ვალერი ყაზაიშვილი საერთოდ სამხრეთ კორეაში თამაშობს, თუმცა გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდანაა. 2022 წელს გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში საქართველოს არც ერთხელ წაუგია და ბოლო 8 მატჩიდან 7-ჯერ იმარჯვა. ეს შთამბეჭდავი შედეგია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წელს, ქართველები ზედიზედ 5-ჯერ დამარცხდნენ. სანიოლის მისვლის შემდეგ, გუნდი 3-მცველიან სქემაზე გადაეწყო, თავისი ლიდერები იპოვა და ისტორიის შეცვლას ცდილობს, რისკენაც პირველი ნაბიჯი წლების წინ გადადგა და 2018-19 წლების სეზონში, ერთა ლიგის ჯგუფის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე ტურნირის მეორე გათამაშება წარმატებული არ ყოფილა, მაგრამ მიმდინარე სეზონში საქმე ისე მიდის, რომ საქართველო B ჯგუფში აღზევდება და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი ექნება.

2022 წლის ოქტომბერში გაირკვევა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ვინ იქნებიან, მაგრამ შესაძლოა, ჯვაროსნებს ევროპირველობის საგზური მანამდე ჰქონდეთ მოპოვებული. პლანეტები მათ სასარგებლოდ არიან განლაგებული და ამჯერად, რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართველები ნამდვილად სწორ გზაზე დგანან, - წერს Goal.com-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნახეთ, რა სილამაზე შექმნა?
„ნახეთ, რა სილამაზე შექმნა?" - Business-Gazeta.ru ხვიჩაზე წერს