„ტექნიკა აქვს და გოლის გატანა შეუძლია" - სამურკასოვი საბერძნეთში ითამაშებს
ქართველი ფეხბურთელი, დავით სამურკასოვი ბერძნულ კლუბს შეუერთდა. „ეპისკოპიმ“, რომელიც საბერძნეთის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს, ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ტრანსფერი დაადასტურა.
„ეპისკოპი მოხარულია, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელის, დავით სამურკასოვის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადოს. ის ნამდვილი ტალანტია, რომელსაც ლიდერის ფუნქციების შეთავსება შეუძლია. სამურკასოვი სწრაფია, თამაშს კარგად კითხულობს და ჩვენი გუნდი მას წარმატებას უსურვებს“, - ნათქვამია ბერძნული კლუბის განცხადებაში.
„ჩემი კოლეგა, რიკარდო დე ვივო მას ძალიან კარგად იცნობს. იგი დინამო მოსკოვთან მოპოვებული გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი იყო და კრაიოვასთანაც კარგად ითამაშა. ჩვენ ვთვლით, რომ საჭირო გარემოს შექმნის შემთხვევაში, ის ძლიერ მოტივაციას მიიღებს, რათა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კიდევ ერთხელ იასპარეზოს. სამურკასოვი კარგი ტექნიკით გამოირჩევა და გოლის გატანა შეუძლია“, - დასძინა ბერძნული კლუბის თავკაცმა.
შეგახსენებთ, რომ სამურკასოვს „ლოკომოტივის“ მაისურით 163 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების რიგებში კი 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა.