„ნახეთ, რა სილამაზე შექმნა?" - Business-Gazeta.ru ხვიჩაზე წერს
ცნობილი რუსული გამოცემა, Business-gazeta.ru ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს და მის ბოლოდროინდელ ასპარეზობას ეხმაურება. „ნახეთ, კვარაცხელიამ ეროვნულ ნაკრებში რა სილამაზე შექმნა? ახლა ხვიჩა ერთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია“, - სტატიის სათაური ეს გახლავთ და ავტორი „კვარას“ აქებს.
„ჰოლანდსაც კი მასზე ნაკლები შედეგიანი მოქმედება აქვს. ნაპოლის მომავალი და დინამო ბათუმის ამჟამინდელი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულის საწყის დღეებს უმაღლეს დონეზე ატარებს. ამჟამად, იგი საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და ერთა ლიგის მატჩებში მონაწილეობს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველები ამ შეხვედრებს წარმატებულად ატარებენ, რაშიც კვარაცხელიას წვლილი უდიდესია.
რუბინის ყოფილი ფეხბურთელი ერთა ლიგის ყველაზე შედეგიან მოთამაშეთა სიაში პირველ ადგილს იკავებს. სამ მატჩში მან 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და მას ერლინგ ჰოლანდიც კი ჩამორჩება - 3+0. კვარას წარმატებაზე საუბარს საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩიდან დავიწყებთ.
გასროლა ჩრდილოეთ მაკედონიის კარში
„საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველადგილოსნის ვინაობა უნდა გაერკვია. ქართველებს ფრე ჰყოფნიდათ, რათა პირველი პოზიცია შეენარჩუნებინათ, მაკედონიელებს კი მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ. მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და ბურთს აკონტროლებდნენ, მაგრამ ბურთის ფლობამ შედეგი ვერ გამოიღო. 52-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში გახსნა, 10 წუთის შემდეგ კი ქომაგების წინაშე ხვიჩა წარდგა. მან ბურთი მეტოქის კარისგან 30 მეტრის მოშორებით მიიღო, ორი ცრუმოძრაობით მეურვე ჩამოიშორა და მოულოდნელი დარტყმა განახორციელა, რომელსაც მეკარემ ვერაფერი მოუხერხა. 7 წუთის შემდეგ, კვარამ თანაგუნდელს გაატანინა, მაგრამ ეს გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. საქართველომ მე-3 გოლიც შეაგდო, თუმცა იმ მომენტში ხვიჩა მოედანზე აღარ იყო“.
გოლი, ასისტი, პენალტი
„თუ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ხვიჩამ 80 წუთზე მეტი ითამაშა, ბულგარეთთან შეხვედრაში მას 67 წუთი მიეცა, მაგრამ ეს მისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. ბულგარეთს ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად თვლიდნენ და მისი ასეთი ანგარიშით მარცხი, თანაც საკუთარ მოედანზე, ბევრისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. ქართველებმა 5:2 იმარჯვეს, კვარაცხელია კი საგოლე პასით გამოირჩა და პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად გარდასახა. ამ თამაშის პირველი გოლი რუბინის კიდევ ერთი ექს-ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც თავისთვის არადამახასიათებელი ბურთი შეაგდო. 175 სანტიმეტრი სიმაღლის ფეხბურთელმა მეორე სართულზე გამართული ბრძოლა მოიგო და ხვიჩას გადაცემით ისარგებლა. ბულგარეთთან შეხვედრაში, კვარაცხელიამ მეტოქის განაპირა მცველი, ივან ტურიცოვი უბრალოდ გაანადგურა. საქმე იქამდე მივიდა, რომ საბრალო ბულგარელმა პენალტი აიკიდა, რის შემდეგაც მოედანი დაატოვებინეს, გიბრალტართან კი სათადარიგოთა სკამზე დატოვეს. გარდა ამისა, ქართველებმა წერტილი დაუსვეს იასენ პეტროვის მმართველობის ხანას, რომელიც ამ წაგების შემდეგ, იძულებული გახდა, პოსტი დაეტოვებინა“.
არ შეიმჩნიეს ჯუჯა საფეხბურთო ქვეყანა
„ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ძლიერი მეტოქე არ ჰყოლია და გიბრალტარს დაუპირისპირდა. სიმბოლურია, რომ ჯვაროსნების პირველი გოლი სწორედ კვარაცხელიამ გაიტანა, ვისი გოლიც პირველი ტურის ერთ-ერთი საუკეთესო დარტყმა გახლდათ. ხვიჩამ მონაწილეობა საქართველოს ნაკრების მეორე გოლშიც მიიღო. მან საჯარიმო შეასრულა, რაც იდეალურად გააკეთა და გურამ კაშიას ისღა დარჩენოდა, რომ ბურთი მეტოქის კარში გადაეგზავნა. კვარაცხელია 63-ე წუთზე შეცვალეს, 87-ე და 88-ე წუთზე კი, ქართველებმა კიდევ ორი გოლი შეაგდეს და 4:0 მოიგეს.
ამ წუთისთვის, საქართველოს ნაკრები ჯგუფის აბსოლუტური ლიდერია და 9 ქულა აქვს. ქართველთა უშუალო მდევრის, ჩრდილოეთ მაკედონიის ანგარიშზე 4 ქულაა. გარდა ამისა, ჯვაროსნებს ის უპირატესობაც აქვთ, რომ მთავარი კონკურენტების წინააღმდეგ გამართული ორივე მატჩი სტუმრად მოიგეს და მათთან დარჩენილ შეხვედრებს საკუთარ კედლებში, ხმაურიანი ტრიბუნების წინაშე გამართავენ. 12-ში ისინი ბულგარეთს შეხვდებიან და როგორ ფიქრობთ, კვარაცხელია ისევ გაიტანს?“, - წერს რუსული გამოცემა.