ფრანგული მედია: ზიდანი პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი გახდება
RMC-ის ჟურნალისტის, დანიელ რიოლოს ცნობით, პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდება. ინფორმაცია გადაცემა After Foot RMC-ში გააჟღერა.
პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში გახდება, პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ლეონარდოს შემცვლელს შეუთანხმდა. ფრანგული მედიის ცნობით, კამპუში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა პორტუგალიელი ''რომას'' დატოვებას არ აპირებს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, პსჟ ასევე განიხილავდა კრისტოფ გალტიეს კანდიდატურას, რომელსაც მხოლოდ ფრანგული კლუბების გაწვრთნის გამოცდილება აქვს. ამჟამად, გალტიე ''ლილის'' მთავარი მწვრთნელია. დანიელ რიოლოს ინფორმაციიდან გამომდინარე, გალტიეს პსჟ-ში მისვლის შანსი მნიშვნელოვნად შემცირდა.
გასული თვის მიწურულს პსჟ ზიდანთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, კლუბმა ფრანგ სპეციალისტს წლიური ხელფასის სახით 25 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა Mundo Deportivo-ს ცნობით, ზიდანმა ამ წინადადებას უარით უპასუხა. დანიელ რიოლოს ინფორმაციიდან გამომდინარე, ''რეალის'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვეტილება შეცვალა.
ზიდანი მთავარი მწვრთნელის პოსტზე მხოლოდ მადრიდის ''რეალში'' მუშაობდა (2016-18, 2019-21). მისი ხელმძღვანელობით ''სამეფო კლუბმა'' ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო (2015-16, 2016-17, 2017-18).