ყველა დეტალზე შეთანხმდნენ - პირლო არველაძის გუნდს გაწვრთნის
თურქული მედიის ცნობით, ''ქარაგიუმრუქის'' მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო გახდება. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. მიმდინარე კვირაში, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობდა, ახლა კი თურქული მედია იუწყება, რომ მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ, ახალ სეზონში პირლო თურქულ კლუბში იმუშავებს.
პირლო ტურინის ''იუვენტუსს'' 2020-21 წლების სეზონში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მხოლოდ იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო, სერია ა-ში მე-4 ადგილზე გავიდა, რაც ტურინული გრანდისთვის წარუმატებელი გამოსვლაა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ იტალიელი სპეციალისტი სამწვრთნელო კარიერას უბრუნდება.
''ქარაგიუმრუქის'' შემადგენლობაში ვატო არველაძე ირიცხება, გასულ სეზონში სუპერლიგის მხოლოდ ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა, თურქეთის თასის ორ შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო. ვატოს თურქულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე თვეში ეწურება.
2021-22 წლების სეზონში ''ქარაგიუმრუქი'' 57 ქულით მე-8 ადგილზე გავიდა, ევროზონას 5 ქულით ჩამორჩა.