ვიცოდით, რომ პირველივე წუთებიდან გაგვიჭირდებოდა, მაგრამ... - სანიოლი ჩრდ. მაკედონიასთან მატჩზე
ერთა ლიგის მე-3 ტურში, ჩრდ. მაკედონიასთან 0-3 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა სანიოლმა:
ბულგარეთთან მატჩის შემდეგ ბევრი ცვლილება არ გაგვიკეთებია. ვიცოდით, რომ პირველივე წუთებიდან გაგვიჭირდებოდა, მაგრამ მსურდა, რომ იგივე გუნდი ყოფილიყო, იმის მიუხედავად რომ ბევრი მათგანი საკმაოდ დაღლილია. გეთანხმებით იმაში, რომ პირველ ტაიმში ვერ ვითამაშეთ და მეორე ნახევარი განსხვავებული იყო. ტაქტიკური ცვლილებები გავაკეთე, ფეხბურთელებმაც ჩემი დარიგება კარგად გაიგეს და განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ. რა თქმა უნდა 3-0 კარგია, მაგრამ იყო შეცდომებიც, რომელზეც ფეხბურთელებს მივუთითე. ახლა ბულგარეთთან მატჩი გველის და ამაზე უნდა ვიფიქროთ.
თუ შევხედავთ ბოლო ორ წელს, იყო კარგი და ცუდი შედეგები. სექტემბერი ძალიან ცუდი პერიოდი იყო, ბევრი ტრავმით და წარუმატებელი შედეგით. რთულია იმის თქმა, არის თუ არა გუნდი მზად ამბიციური მიზნებისთვის საბრძოლველად, ეს ფეხბურთელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ. მე შემიძლია გუნდი მოვამზადო, მათ კი უნდა შეასრულონ ჩემი დავალებები. მაგრამ მგონია, რომ ამ კითხვაზე პასუხი ვიცი, რადგან გუნდში ამბიციური ფეხბურთელები თამაშობენ.
ხვიჩა გამორჩეული ფეხბურთელია. როდესაც ნაპოლი აგიყვანს, ეს ცოტას ნამდვილად არ ნიშნავს. მის გარდა ბევრმა ფეხბურთელმა აჩვენა დღევანდელ თამაშში მაღალი კლასი - კაშიამ, კვეკვესკირმა, კვირკველიამ და სხვებმა, ყველა ფეხბურთელმა. ხვიჩას ნაპოლიში ტრანსფერი ძალიან კარგია, მაგრამ მას განვითარების შესაძლებლობა უნდა მივცეთ. დარწმუნებული ვარ, ხვიჩას შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყოს.
გიორგიმ ძალიან თავდაჯერებულად ითამაშა. რასაც იგი აკეთებდა, ყველაფერი სწორი იყო. გამოირჩეოდა. შეიძლება ბევრისთვის მისი თამაში სიურპრიზი იყო. მე აღვნიშნე დასაწყისში რომ 29 ფეხბურთელით წამოვედით, რომელსაც თამაში ნებისმიერ დროს შეეძლოთ და ეს მამარდასაც ეხება. ყველა ფეხბურთელს შეუძლია ნებისმიერ დროს გუნდის დახმარება და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
როდესაც მოთამაშე გულშემატკივარის მხარდაჭერას გრძნობს, ის უფრო კარგად თამაშობს. მათ ჩვენს წარმატებაში დიდი როლი ითამაშეს, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდი, როგორ დღევანდელ შეხვედრაში თანადგომისთვის, ისე ბულგარეთთან თამაშშიც. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებსაც, რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ. ესენი არიან ექიმები, ანალიტიკოსები და ა.შ. ისინიც დიდ როლს თამაშობენ გუნდის წარმატებაში.
დღეს ბულგარეთთან თამაშზე ჯერ ვერ ვიფიქრებ. ცოტა უნდა გამოვფხიზლდე, სიგარის შემდეგ კი აუცილებლად დავიწყებ ფიქრს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ერთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრა 12 ივნისს, „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.