რევანში ავიღეთ! საქართველომ ჩრდ. მაკედონია დაამარცხა
ვილი სანიოლის გუნდმა ერთა ლიგაზე მესამე შეხვედრაც დიდებულად ჩაატარა და ჩრდ. მაკედონიას სტუმრად სრულფასოვანი რევანში აუღო - 3:0!
პირველი ტაიმი უფრო მეტად მასპინძლების აქტიურობით და ბურთის ფლობით მიმდინარეობდა, თუმცა მომენტები ორივე კართან შეიქმნა.
პირველ ნახევარში რეალური საგოლე მომენტი არცერთ კართან არ გვინახავს. იგრძნობოდა, რომ მატჩში გარდამტეხი 1 გოლი იქნებოდა და ასეც მოხდა.
მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა თამაში დაალაგა და მომენტების შექმნა დაიწყო.
50-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოში ზუსტად ხოჭოლავა დაუხვდა, თუმცა მისი თავური მაკედონიელთა კარს მცირე მანძილით აცდა.
ზუსტად ორ წუთში ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი რეალური მომენტი შექმნეს - ცენტრში ლამაზად გაშლილი იერიში, მარცხენა ფლანგიდან წიტაიშვილმა განაგრძო, რომელმაც საჯარიმოში ბუდუ ზივზივაძეს ზუსტად გადააწოდა და - 1-0.
62-ე წუთზე ხვიჩას მორიგი წარმოდგენა ვიხილეთ! „კვარამ“ მეტოქეს თავგზა აუბნია და საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით მორიგი ლამაზი გოლი გაიტანა - 2-0 და თამაში უკვე ჩვენი იყო.
ზუსტად 5 წუთში საქართველოს ნაკრებმა მესამეც შეაგდო, თუმცა მსაჯმა ბუდუ ზივზივაძის გოლზე ვიდეოგამეორების შემდეგ თამაშგარე დააფიქსირა.
სანიოლმა ნელ-ნელა ცვლილებებსაც მიმართა და ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა, თუმცა ცვლილებაზე შემოსულებმაც არ დააკლეს და 84-ე წუთზე კვეკვესკირის ჩაწოდებული ჯარიმის შედეგად, კიტეიშვილმა ძელი კარგად დაკეტა - 3-0! რევანში აღებულია!
ვილი სანილის გუნდი ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია და ჩრდ. მაკედონიას უკვე 5 ქულით უსწრებს. 12 ივნისს 20:00 საათზე ბულგარეთს ვუმასპინძლებთ. მე-4 მატჩიც მოსაგებია!