„20 მილიონი თუ მესი რეალში გადავა" - სპარტაკმა ბაიერნი დატროლა
მოსკოვის „სპარტაკმა“ „ბაიერნი“ დატროლა. რუსულმა კლუბმა აქცენტი „რეკორდმაისტერის“ სატრანსფერო პოლიტიკაზე გააკეთა, რომელიც სადიო მანეს გამო, კვლავინდებურად აქტუალური თემაა. მიუნხენელებმა „ლივერპულს“ რამდენიმე შეთავაზება გაუკეთეს, მაგრამ „ენფილდზე“ მიღებულ წინადადებებს სასაცილო უწოდეს და სენეგალელის სანაცვლოდ გაცილებით მეტი სურთ.
რუსული კლუბი სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე სურათი გამოაქვეყნა.
„ძვირფასო, მოსკოვის სპარტაკო. გვინდა, თქვენი ფეხბურთელის, ალექსანდრ სობოლევის თაობაზე სატრანსფერო წინადადებით მოგმართოთ. მის სანაცვლოდ 1000 ევროს გთავაზობთ, რასაც ასეთი ბონუსები დაემატება:
10 მილიონი ევრო თუ ბაიერნი ევროვიზიას მოიგებს
15 მილიონი ევრო თუ მანჩესტერ იუნაიტედი ტიტულს მოიგებს
20 მილიონი ევრო თუ ლიონელ მესი რეალში გადავა“.
Oh the comments on this are gonna be goooooooooood
— CJ (@cmjmcm31100) June 9, 2022
„სპარტაკის“ პოსტს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „ტვიტერის“ მომხმარებლებმა „ბაიერნს“ დასცინეს და იხუმრეს, რომ „სპარტაკი“ ამ შეთავაზებას უნდა დათანხმდეს, რადგან „რეკორდმაისტერისგან“ უკეთეს წინადადებას ვერ მიიღებს. ცნობისთვის, „ბაიერნის“ ბოლო შეთავაზება დაახლოებით 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო, საიდანაც 7-ს „ლივერი“ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ „რეკორდმაისტერი“ ჩემპიონთა ლიგას, მანე კი ოქროს ბურთს მოიგებს.