"ის ტკივილი მთელი ცხოვრება გაგვყვება" - კვეკვესკირი ჩრდ.მაკედონიასთან მატჩის წინ
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე მორიგ დაპირისპირებას სტუმრად ჩრდ.მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, ნიკა კვეკვესკირმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
კვეკვესკირი:
„რა თქმა უნდა ყველას გვახსოვს ის თამაში. ჩვენი ნაკრების ისტორიაში ეს შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ის ტკივილი, რომელიც გვქონდა მარცხის შემდეგ, დღესაც დაგვიტოვა და მთელი ცხოვრება გაგვყვება. რევანშზე ცოტა რთულია საუბარი. გამარჯვების მიუხედავად, მე ამას რევანშად ვერ აღვიქვამ.
მნიშვნელოვანია გუნდის ატმოსფერო, რომელიც გარედანაც ძალიან კარგად ჩანს. ამის მიზეზი ისაა, რომ ბიჭები არ თამაშობენ მოწინააღმდეგეებისთვის, თამაშობენ საქართველოსთვის და ხალხისთვის. ხვალინდელი თამაშიც სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენი ხალხი გავახაროთ და რევანშისტული განწყობა მთავარი არ არის.
ისეთი ფეხბურთელების კატეგორიას მივეკუთვნები, რომ გოლს საგოლე პასი და გუნდელების დახმარება ურჩევნია. პენალტის დარტყმა ჩემი სურვილიც იყო და გუნდიდანაც უნდოდათ რომ პირველი გოლი გამეტანა. მოტივაციას რაც შეეხება, მოედანზე იმ მოტივაციით გავდივარ, რომ გუნდმა მოიგოს და არა გოლი გავიტანო. ეს მოტივაცია ბოლომდე გამყვება."
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ერთა ლიგის ჯგუფს ვილი სანიოლის ნაკრები 6 ქულით ლიდერობს. „ჯვაროსნებმა“ პირველ ტურში საკუთარ კედლებში გიბრალტარი 4:0 დაამარცხეს, ხოლო მეორე ტურში სტუმრად ბულგარეთს 5:2 აჯობეს.
ჩრდ.მაკედონიისა და საქართველოს მომავალი დაპირისპირება 9 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.