ბავშვთა რაგბი - ხვამლი მონაკოდან ოქროს მედლებით ჩამოდის
Aa
Aa

ბავშვთა რაგბი - ხვამლი მონაკოდან ოქროს მედლებით ჩამოდის

‘ხვამლის’ 8 და 12-წლამდელთა გუნდები მონაკოს საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

8-წლამდელებმა, რომელთაც ზურა ქებაძე ავარჯიშებს, ფინალამდე ყველა თამაში დიდი ანგარიშით მოიგეს – მონაკო2 9:0, ნიცა1 9:1, სანრემო 9:1, მონაკო1 4:0, ნიცა1 8:3, ხოლო ფინალში მონაკო1 3:1 დაამარცხეს.

12-წლამდელებმა, რომელთა მთავარი მწვრთნელი თენგიზ ჯინაშვილია, ფინალამდე 7-იდან ექვსი თამაში მოიგეს – ნიცა 7:2, გრასი 2:0, სანლორანი 5:0, მონაკო 6:0, ნიცა 0:1, მონაკო 3:0, სანლორანი 9:1, გადამწყვეტ შეხვედრაში კი გრასს 2:1 სძლიეს.

მეორე დღეს ‘ხვამლის’ 12-წლამდელთა გუნდის მორაგბეებმა 14-წლამდელთა ფესტივალი ითამაშეს და ერთი შეხვედრის მოგება იქაც მოახერხეს. გუნდის მენეჯერი რატი ურუშაძე ამბობს, რომ ბავშვებმა დიდი გამოცდილება შეიძინეს:

„ამ ტურნირზე ჩვენი მეგობრის, ვეტერანი ბორჯღალოსნის მამუკა მაგრაქველიძის დახმარებით მოვხვდით. „ქიდს ქაფი 2022“ ‘მონაკოს’ მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა ჩაატარეს და თამაშებსაც თავად მსაჯობდნენ. რადგან ყველა მეტოქეს ერთი თავით ვჯობდით, მეორე დღეს 14-წლამდელთა ტურნირში ვითამაშეთ. მონაკოში ამ ასაკის მხოლოდ ერთი და 13-წლამდე სამი მოთამაშე გვყავდა. მიუხედავად ასაკში სხვაობისა, აქაც შევძლებდით მეტი თამაშის მოგებას, მაგრამ გადაღლილობამ იჩინა თავი. წესებშიც იყო ცვლილებები, გუნდები მთელ მოედანზე 10-10-ზე თამაშობდნენ და ადაპტირებისთვის დრო დაგვჭირდა“.

„მთლიანობაში, ეს ყველასთვის კარგი გამოცდილება იყო. ჩვენი თამაში ისე მოეწონათ, რომ მაისურებს გვთხოვდნენ და გუნდებმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილიც გამოთქვეს. გარდა ასაკობრივი თასებისა, ფეირ-პლეის თასიც ჩვენ გვერგო. ტურნირი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ბავშვებმა ნახეს სხვა გარემო და ის, თუ როგორ იზრდებიან ფრანგი მორაგბეები, რას აქცევენ ყურადღებას და რა არის მათთვის პრიორიტეტული. აქ დიდი ყურადღება ეთმობა ხელით თამაშს, ფინტს, რაც ჩვენთვისაც საყურადღებოა. ფაქტია, 18-წლამდე ქართული გუნდები ყველა მეტოქეს ამარცხებენ, მაგრამ მერე სიტუაცია იცვლება. ამიტომ ჩვენც უნდა გავაუმჯობესოთ მოთამაშეთა ტექნიკური არსენალი და აზროვნების უნარი“.

პირველი სათამაშო დღის ბოლოს ერთი საინტერესო შეხვედრაც გაიმართა. მამუკა მაგრაქველიძე ტურნირის მსვლელობისას საუკეთესო მოთამაშეებს არჩევდა, რომელთაგან შედგა „ქართველი ბარბაროსები“ და მათ ‘ხვამლის წინააღმდეგ ითამაშეს. „ბარბაროსებში ორმა ქართველმაც ითამაშა – ვეტერანი ბორჯღალოსნის, ლუკა ხაჩირაშვილის და გიორგი მგელაძის შვილებმა. ‘ხვამლმა’ თამაში 8:3 მოიგო, თუმცა რატი ურუშაძის თქმით, ანგარიშზე მნიშვნელოვანი ის საზეიმო განწყობა და ატმოსფერო იყო, რომელიც მთელი ტურნირის განმავლობაში სუფევდა.

12-წლამდე

გიორგი ირემაძე, საბა ცინცაძე, გიორგი გურაბანიძე, კახა ზურაბაშვილი, ნიკოლოზ კანდელაკი, დავით მელიქიშვილი, სანდრია სარჯველაძე, დათო ნებიერიძე, ნიკა გრიგალაშვილი, გიორგი რიკაძე, ლუკა ხიზანიშვილი, ლუკა კენკიშვილი, დავით ახვლედიანი, ბუბა არჩუაძე, ტატო იასაღაშვილი.

მწვრთნელი: თენგიზ ჯინაშვილი

8-წლამდე

ლუკა ნაკაშიძე, გაბრიელ გიორგობიანი, გაბრიელ კოკაია, დათო აბესაძე, თეოდორე იანშვილი, დავით ტაბატაძე, ილია ტაბატაძე, ილია მემარნიშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, გაბრიელ მაქაცარია.

მწვრთნელი: ზურა ქებაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტალახაძე:
ტალახაძე: "გაჩნდა საფრთხე, რომ შესაძლოა ევროპის ჩემპიონატზე ვერ გამოვსულიყავი"