„მისი თამაში შემთხვევით ვნახე და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა“ - ჯენოას ექს-თავკაცი ხვიჩაზე
„ჯენოასა“ და „ტორინოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კლაუდიო ონოფრიმ, რომელიც მოგვიანებით, გენუური კლუბის თავკაციც გახლდათ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ონოფრი „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოში სტუმრად იმყოფებოდა და ქართველი ფეხბურთელის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შემთხვევით ვნახე. ეს მაშინ მოხდა, როცა დინამო ბათუმის მარცხენა მცველის შესახებ მითხრეს. კვარაცხელიამ ჩემზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა და რამდენიმე დღის შემდეგ, გავიგე, რომ იგი ნაპოლის შეუძენია, რაც ძალიან მომეწონა. ხვიჩას არაჩვეულებრივი ტექნიკა და ძლიერი ფეხები აქვს. მას შეუძლია, 20-მეტრიანი დრიბლინგი განახორციელოს და ბურთი ფეხთან მაინც ძალიან ახლოს ჰქონდეს.“
სხვათა შორის, ონოფრის პოზიციას „პარმას“ ყოფილი სპორტული დირექტორი, ენრიკო ფედელე ბოლომდე არ იზიარებს. მისი თქმით, წინასწარი დასკვნების გამოტანა არ შეიძლება, რადგან სერია A რუსეთის ჩემპიონატი არაა და საჭიროა, ჯერ ხვიჩა იტალიურ ფეხბურთში გამოიცადოს.
ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.
ფოტო: nakrebi.ge