რეალს ჟეზუში შესთავაზეს - ანჩელოტი მის ტრანსფერზე თანახმაა
ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის „რეალს“ გაბრიელ ჟეზუშის გადაბირება შესთავაზეს. Cadena Ser-ის ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი ზაფხულში „სიტის“ დატოვებს და ამ ეტაპზე, რამდენიმე ვარიანტი აქვს, რომელთა შორის „სამეფო კლუბიცაა“.
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჟეზუშის შეძენის საკითხს აქტიურად განიხილავენ. „ბლანკოსის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ბრაზილიელის საფეხბურთო პროფილით მოხიბლულია და მისი ტრანსფერის მომხრეა. Marca-ს ცნობით, ბევრი რამ იოვიჩისა და მარიანო დიასის სამომავლო გეგმებზეა დამოკიდებული.
ფაბრიციო რომანოს მიხედვით, „რეალი“ ერთადერთი არაა, ვისაც ჟეზუში შესთავაზეს. იგივე წინადადება „ატლეტიკომაც“ მიიღო და ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებაზე „როხიბლანკოც“ ფიქრობს. ამ ეტაპზე ფავორიტის დასახელება რთულია, თუმცა Marca-ს ინფორმაციით, ჟეზუშისთვის ორივე მადრიდული გრანდი იბრძოლებს.
სხვათა შორის, „რეალს“ კიდევ სამ შემტევს უკავშირებენ, რომელთა შორის რაფაელ ლეაო, რაჰიმ სტერლინგი და რომელუ ლუკაკუ არიან. ამ უკანასკნელის ტრანსფერის შანსი ყველაზე დაბალია. ლეაოსა და სტერლინგს რაც შეეხებათ, „მილანი“ თავისი ერთ-ერთი ლიდერის გასხვისებას არ აპირებს, „სიტი“ კი თანახმაა, რაჰიმი გაუშვას.