2-წლიანი კონტრაქტი და 3 მილიონი - ვალენსია გატუზოს მალე დანიშნავს
„მილანისა“ და „ნაპოლის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო „ვალენსიას“ ჩაბარებასთან ერთ ნაბიჯშია. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ღამურები“ ოფიციალურ განცხადებას მალე გაავრცელებენ და გატუზო კლუბს ამ კვირაში ჩაიბარებს.
ჯენაროსა და „მესტალიას“ ბინადრებს შორის შეთანხმება მიღწეულია. 44 წლის სპეციალისტი 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ყოველწლიურად, ხელფასის სახით, 3 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებით გარკვეული თანხა დაემატება. გატუზო ხოსე ბორდალასს შეცვლის, რომელმაც გუნდი გასულ კვირას დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ესპანელი სპეციალისტი დღეს პრესკონფერენციას სასტუმროდან გამართავს. AS-ი წერს, რომ ბორდალასი ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრებს და იმ მიზეზებს დაასახელებს, რომელთა გამოც, კლუბის დატოვება მოუწია. ესპანური გამოცემების მიხედვით, ერთ-ერთი მიზეზი „ვალენსიას“ სატრანსფერო პოლიტიკაა.
შეგახსენებთ, რომ ბორდალასის როლი გიორგი მამარდაშვილის „ღამურებში“ დამკვიდრების თვალსაზრისით ძალიან დიდია. იასპერ სილესენის ტრავმის ფონზე ბორდალასი თბილისის „ლოკომოტივიდან“ გადაბირებულ მეკარეს სეზონის პირველივე ტურში ენდო, მამარდაშვილმა „ხეტაფესთან“ შესანიშნავად ითამაშა და სეზონის საწყის 7 ტურში სასტარტოში იასპარეზა, მაგრამ „სევილიასთან“ დაშვებული შეცდომების გამო სასტარტოს სილესენი დაუბრუნდა.