''სირცხვილი და თავის მოჭრა, ამდენი გოლი ნახევარ სეზონში არ გამიშვია''
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 5:2 გაანადგურა. „ჯვაროსნებთან“ წაგების შემდეგ, ბულგარეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იასენ პეტროვმა პოსტი დატოვა, ადგილობრივმა პრესამ კი ამ მარცხს ისტორიული სირცხვილი უწოდა.
ბულგარეთის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, სოფიის ''ლევსკის'' ფეხბურთელმა ილიან სტეფანოვმა ადგილობრივ მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:
''არასასიამოვნო საღამო ყველასთვის, ვისაც ბულგარეთში ფეხბურთი უყვარს. ჩვენ გუნდი ვართ, უნდა ავიღოთ კოლექტიური პასუხისმგებლობა. როცა ერთი მოთამაშე შეცდება, მას სხვა დაეხმარება. ერთი მიმართულებით უნდა ვიყურებოდეთ. ფეხბურთში საუკეთესო რამ მომდევნო შეხვედრაა. ყველამ უნდა აჩვენოს, რაც შეუძლიათ. მე ყოველთვის გუნდისთვის ვთამაშობ, გუნდისთვის ვიბრძვი, მიუხედავად იმისა, გავიტან გოლს თუ შევასრულებ საგოლე პასს''.
ბულგარეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მეკარე ნიკოლაი მიხაილოვმა ბულგარულ მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:
''სირცხვლი და თავის მოჭრა. არაფერი გამოგვივიდა, შიშით ვითამაშეთ, ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით. ნათელია, რომ საკუთარი თავის დაცვა არ შეგვეძლო. რაც საქართველოსთან გავუშვი, ამდენი გოლი ''ლევსკიში'' ნახევარ სეზონში არ გამიშვია. მთავარი პრობლემა ფეხბურთელებშია. თუ ისინი თამაშს მომზადებული არ ხვდებიან, ეს მათი ბრალია. ხვალ ახალი დღე დაიწყება, მაგრამ საჭიროა ცვლილებები. ასე გაგრძელება არ შეიძლება''.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 9 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს, ბულგარეთი კი გიბრალტარს დაუპირისპირდება. ჯგუფში საქართველოს ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელმაც საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა, ბულგარეთთან მატჩამდე გიბრალტარი ''დინამო არენაზე'' 4:0 დაამარცხა.