დემბელეს იმედი ჰქონდა, რომ მბაპე პსჟ-ს აიძულებდა მისთვის კარგი პირობები შეეთავაზებინათ
ამ დრომდე გაურკვეველია უსმან დემბელეს მომავალი. ფრანგი გარემარბი სეზონის ბოლოს „ბარსელონაში“ დარჩენისკენ იხრებოდა, ბოლო დროს კი პსჟ-ში წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად როდია.
ესპანური Sport-ის ცნობით, პსჟ-ს ვარიანტი გამოირიცხა და ამჟამად ფრანგს 2 ვარიანტი აქვს - დარჩეს „ბარსელონაში“ ან „ჩელსიში“ წავიდეს.
დემბელეს საბოლოო არჩევანის გაკეთება მომდევნო კვირაში შეუძლია. კატალონიურ კლუბში კი განწყობა ძალიან პესიმისტური აქვთ. „ბარსა“ თვლის, რომ უსმანი მათ მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე ხელს არ მოაწერს.
დემბელეს პსჟ-ს ლეონარდოს დროს უკავშირებდნენ. მას შემდეგ, რაც ბრაზილიელი კლუბის სპორტული დირექტორი აღარ არის, მოლაპარაკებები გაიყინა. ლუის კამპოსი, რომელიც პარიზელთა ახალი სპორტული დირექტორი გახდება, გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერებას პრიორიტეტად მიიჩნევს. როგორც ირკვევა, პარიზელები პოგბას გადაბირებას გეგმავენ და ამის ძალიან დიდი შანსიც აქვთ.
წყაროს ცნობით, დემბელეს იმედი ჰქონდა, რომ მისი მეგობარი კილიან მბაპე კლუბზე გავლენას მოახდენდა, რის შედეგადაც უსმანს პსჟ ფინანსურად მსუყე შეთავაზებას გაუკეთებდა და ისიც კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებდა, თუმცა ასე არ მოხდა.
აღსანიშნავია, რომ „ჩელსიმ“ დემბელეს 4 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა და ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნები დააკმაყოფილა. „ბარსელონამ" შეთავაზება არ გაზარდა, რადგან მიაჩნია, რომ უსმანი უნდა დაეთანხმოს კლუბის მიერ წამოყენებულ პირობებს, თუ მას ნამდვილად სურს დარჩენა.