გიორგი მამარდაშვილი, ხოსე ბორდალასი
Aa
Aa

''მადლობა, მისტერ'' - მამარდაშვილი ბორდალასს დაემშვიდობა

''ვალენსიას'' მთავარი მწვრთნელის პოსტი ხოსე ბორდალასმა დატოვა. ესპანური კლუბის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ბორდალასს დაემშვიდობა. გიორგიმ Instagram-ის ''სთორიში'' დაწერა: 

''მადლობა, მისტერ''

ესპანელი მწვრთნელის როლი გიორგი მამარდაშვილის ''ღამურებში'' დამკვიდრების თვალსაზრისით ძალიან დიდია. იასპერ სილესენის ტრავმის ფონზე ბორდალასი თბილისის ''ლოკომოტივიდან'' გადაბირებულ მეკარეს სეზონის პირველივე ტურში ენდო, მამარდაშვილმა ''ხეტაფესთან'' შესანიშნავად ითამაშა და სეზონის საწყის 7 ტურში სასტარტოში იასპარეზა, მაგრამ ''სევილიასთან'' დაშვებული შეცდომების გამო სასტარტოს სილესენი დაუბრუნდა.

მიუხედავად ამისა, სეზონის მეორე ნახევარში 21 წლის ქართველი მეკარე ''ვალენსიას'' სასტარტო თერთმეტეულის უცვლელი წევრი გახდა, გაცილებით გამოცდილ სილესენთან კონკურენცია მოიგო, ლა ლიგასა თუ ესპანეთის თასზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და მისი სატრანსფერო თანხა 10 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

ბორდალასს მამარდაშვილი არაერთხელ შეუქია. სეზონის მიწურულს, ლა ლიგის 34-ე ტურში ვალენსიასა და ლევანტეს შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ესპანელმა მწვრთნელმა განაცხადა:

"არ ვიცი იგეგმება თუ არა მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხის გაზრდა, ეს კლუბის საქმეა, მე ვერაფერს გეტყვით. შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი მამარდაშვილი საოცარი პიროვნებაა და ბრწყინვალე დონეზე თამაშობს. მისით ძალიან კმაყოფილები ვართ." 

გიორგი მამარდაშვილის კარიერული პროგრესი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის სამაგალითოა. მისი განვლილი გზა აჩვენებს, რომ შრომისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე უმაღლესი დონის ჩემპიონატში დამკვიდრება შესაძლებელია.

ახლახანს ლა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გასული სეზონის საუკეთესო 10 ''სეივი'' გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეკარის შესანიშნავი თამაშიც მოხვდა.

გასული სეზონის დასკვნით პერიოდში ქართველი მეკარის სატრანსფერო თანხა 5 მილიონი ევროთ გაიზარდა. Transfermarkt-ის განახლებული მონაცემებით 21 წლის ქართველის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.

2021 წლის 3 ოქტომბრის მონაცემებით, მისი სატრანსფერო თანხა 3 მილიონი ევრო იყო. 2022 წლის 21 მარტს მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევრო იყო. სეზონის დასკვნით პერიოდში ლა ლიგასა და ესპანეთის თასზე ჩატარებული მატჩებიდან გამომდინარე ''მამარდას'' სატრანსფერო თანხა გაორმაგდა.

Transfermarkt-ის სატრანსფერო მონაცემები ზუსტ სურათს არ ასახავს, თუმცა აჩვენებს ტენდეციას, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი იზრდება. შესაბამისად, სატრანსფერო ღირებულებაც მატულობს. ესპანური მედიის ინფორმაციით, ''ღამურების'' მეკარე ''მან. იუნაიტედის'', ''ტოტენჰემისა'' და იტალიური კლუბების რადარზეა, თუმცა მოთამაშე ''ვალენსიასთან'' ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, რომლის მიხედვით გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯამარაულის ფანტასტიკური პასი: გამარჯვება სტოიჩკოვის ბულგარეთთან!
ჯამარაულის ფანტასტიკური პასი: გამარჯვება სტოიჩკოვის ბულგარეთთან!