ტენ ჰაგის არჩევანი - მან. იუნაიტედი ერიქსენისთვის ბრძოლაში ჩაერთო
''მან. იუნაიტედი'' კრისტიან ერიქსენის გადაბირებისთვის ბრძოლაში ჩაერთო. Mirror-ის ცნობით, ნიდერლანდელ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს ნახევარდაცვის გაძლიერება სურს, ''წითელმა ეშმაკებმა'' სკანდინავიელის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყეს. ფეხბურთელი, რომელსაც ''ბრენტფორდთან'' კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, თავისუფალი აგენტი ხდება.
30 წლის ფეხბურთელი ნისლიან ალბიონზე გასულ ზამთარში დაბრუნდა, ''ბრენტფორდისთვის'' 11 მატჩი ჩაატარა, ''ჩელსისთან'' მოგებულ შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო. გარდა ამისა, მის აქტივში 4 საგოლე პასია. შესანიშნავი პერფორმანსის შემდეგ ერიქსენის მიმართ ინტერესი დაბრუნდა, ''მან. იუნაიტედის'' გარდა მის მიმართ ინტერესს ''ტოტენჰემიც'' იჩენდა. მოგეხსენებათ, დანიელმა ''დეზების'' რიგებში 2013-20 წლებში ითამაშა.
შეგახსენებთ, ერიქსენმა გულის შეტევა 2021 წლის 12 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ფინეთის ნაკრებთან შეხვედრის დროს მიიღო. სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით, ფეხბურთელს რამდენიმე წუთის განმავლობაში გული გაუჩერდა, თუმცა ექიმების თავდაუზოგავი ძალისხმევის შემდეგ, საფეხბურთო სამყარო დიდ ტრაგედიას გადაურჩა. შემდეგ ფეხბურთელმა მილანის ''ინტერთან'' კონტრაქტი გაწყვიტა და მიმდინარე წლის იანვარში ''ბრენტფორდთან'' ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა.