''სექტემბერთან შედარებით, რადიკალურად განსხვავებული თამაში იქნება'' - სანიოლის პრესკონფერენცია
UEFA-ს ერთა ლიგის 2022 წლის სეზონის მეორე მატჩში, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები სტუმრად ბულგარეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება.
შეხვედრის დაწყებამდე 1 დღით ადრე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
''გუშინ მგზავრობის და ძალების აღდგენის დღე იყო. ძალიან სასიამოვნოა ჯგუფის გამარჯვებით დაწყება. 29 ფეხბურთელი წამოვიყვანეთ ამ შეკრებაზე და ხვალინდელ თამაშში მოედანზე ახალი ფეხბურთელები გამოჩნდებიან. აღდგენის პროცესი კარგად წარიმართა. პირველ შეხვედრაში ფეხბურთელთა ნაწილმა 90 წუთი ითამაშა, ზოგს კი მცირე სათამაშო დრო დაეთმო.საერთო ჯამში პროცესით კმაყოფილი ვარ.
საწვრთნელ პროცესში გიორგი წიტაიშვილი არ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პირველ თამაშში დაშავდა. ხვალინდელი მატჩისთვის ბოლო ვარჯიშს 28 ფეხბურთელით გავმართავთ.
გულშემატკივრის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა, რომ ისინი საქართველოდან აქ ჩამოვიდნენ და ხვალინდელ შეხვედრაში მხარს დაგვიჭერენ. ვეცდებით, სამშობლოში გახარებულები გავუშვათ.
რა თქმა უნდა, ყოველთვის გვსურს შემტევი ფეხბურთის თამაში. ამავდროულად, ყველა თამაში მეტოქის სტილს უნდა მოვარგოთ. ბულგარეთი გიბრალტართან შედარებით ძლიერი გუნდია, ბევრად რთული მატჩის იქნება. მთავარია როგორ ვითამაშებთ და როგორ შევინარჩუნებთ იმ ინტენსივობას, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში გვაქვს. მჯერა, რომ თამაში სანახაობრივი და რთული იქნება, როგორც ჩვენთვის, ასევე ბულგარეთისთვის.
სექტემბერში ამხანაგური მატჩი იყო, მას მერე ორივე მწვრთნელმა ბევრი ცვლილება განახორციელა. იმ თამაშიდან ყველაფერი მახსოვს, მსაჯის შეცდომებიც. მჯერა, რომ იმ მატჩისგან ხვალ რადიკალურად განსხვავებული თამაში იქნება. დარწმუნებული ვარ, ის თამაში წარსულში დარჩება და ხვალ ყველაფერი განსხვავებული იქნება.
ცვლილებები იქნება, თუმცა კონკრეტულად რას შევცვლი ამას ვერ შეგატყობინებთ.
არ ვფიქრობ, რომ ბულგარეთი ინდივიდუალურ ფეხბურთელებზე არის დაყრდნობილი. ის ძლიერია გუნდურად. უცნობია, როგორ ითამაშებს ხვალ, ამის გამო არ შეიძლებოდა კონკრეტული ფეხბურთელები გამოგვერჩია, შესაძლოა მათ საერთოდ არ ითამაშონ. ამიტომ ჯობია გუნდურ წინააღმდეგობაზე ვკონცენტრირდეთ''.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 5 ივნისს, რაზგრადში მდებარე „ლუდოგორეც არენაზე“ საქართველოს დროით 22:45 საათზე გაიმართება.