ალ-ხელაიფი კამპუშს შეუთანხმდა - ლეონარდოს პორტუგალიელი შეცვლის
ბრიტანული Telegraph-ის ცნობით, პსჟ მაურისიო პოჩეტინოს შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად ჟოზე მოურინიოს განიხილავს. TalkSPORT-ის ცნობით, პსჟ-ს მმართველებს პორტუგალიელთან მუშაობის დიდი სურვილი აქვთ, მასთან თანამშრომლობას დიდი ენთუზიაზმით განიხილავენ.
მაურისიო პოჩეტინოს პსჟ-დან წასვლა გადაწყვეტილია. პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი არგენტინელთან დასკვნით შეხვედრას ყატარიდან დაბრუნების შემდეგ გამართავს. ინფორმაცია პოჩეტინოს გუნდიდან წასვლის შესახებ უახლოეს დღეებში დადასტურდება.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, პსჟ-ს სპორტული დირექტორის პოსტს ლეონარდო დატოვებს, მას პორტუგალიელი ლუიშ კამპუში შეცვლის. ალ-ხელაიფი კამპუშს ორჯერ შეხვდა, დოჰაში გამართული მოლაპარაკება პოზიტიურად დასრულდა. კამპუშს სურს, რომ მაურისიო პოჩეტინო ჟოზე მოურინიომ შეცვალოს.
View this post on Instagram
ლუიშ კამპუში ჟოზე მოურინიოს კარგად იცნობს და მისი გუნდში მიწვევა სურს. 2012-13 წლებში, როცა ჟოზე მოურინიო მადრიდის ''რეალის'' მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ლუიშ კამპუში ''სამეფო კლუბის'' სკაუტი და ანალიტიკოსი იყო. 2013 წელს კამპუშმა მადრიდული კლუბი დატოვა. შემდგომში სპორტული დირექტორის პოსტზე ''მონაკოსა'' (2013-16) და ''ლილიში'' (2017-20) მუშაობდა. ამ ეტაპზე ვიგოს ''სელტას'' სტრატეგიული მრჩეველია.
ჟოზე მოურინიო 2021 წლის პირველი ივლისიდან ''რომას'' მთავარი მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით რომაულმა კლუბმა კონფერენს ლიგა მოიგო. 59 წლის გამოცდილ სპეციალისტს ''რომასთან'' კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.