სერიოზული არაფერია - წიტაიშვილი მომდევნო თამაშისთვის მზად იქნება
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გიბრალტართან გამართული მატჩით გახსნა. შეხვედრის 37-ე წუთზე, გიორგი წიტაიშვილსა და ეთან ჯოლის შორის შეჯახება მოხდა, რომლის შემდეგაც, ქართველ ფეხბურთელს მოედნის დატოვება მოუწია და მის ნაცვლად თამაშში გურამ გიორბელიძე ჩაერთო.
Crystalsport-ის ინფორმაციით, წიტაიშვილი თავს კარგად გრძნობს. მისი დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა და გიორგი მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა. ჩვენი ცნობით, ვილი სანიოლს მომდევნო შეხვედრაში წიტაიშვილის გამოყენება შეეძლება.
გიბრალტართან მატჩში 21 წლის ფეხბურთელმა მარცხენა ფლანგზე იასპარეზა და კვარაცხელიასთან ერთად, მეტოქეს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ხვიჩამ ანგარიში სწორედ „წიტას“ პასის შემდეგ გახსნა და სასიხარულო ამბავია, გიორგის ერთი თამაშის გამოტოვებაც რომ არ მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 5 ივნისს გამართავს და სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება. ბულგარეთს, რომელმაც გახსნითი მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ, საკუთარ კედლებში ჩაატარა და ქულას დასჯერდა. სტუმრები სერიოზულ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირეს და ფრეს გამორჩნენ.