ერთა ლიგა, ეროვნული ნაკრები, საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

ვინ რა თქვა გიბრალტართან მატჩის წინ: ,,დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ სტადიონი გაივსება"

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C4 ჯგუფში ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის ფორმაციის ეროვნული ნაკრები ახალ ციკლს  გიბრალტართან მატჩით, 2 ივნისს, გახსნის. არის მოლოდინი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ, ოფიციალურ მატჩში გამარჯვების პირველ 3 ქულას მოიპოვებს, საბოლოო ჯამში კი, აღნიშნულ მეტოქესთან 6 ქულას დაგეგმავს.

გიორგი აბურჯანია (საქართველოს ეროვნული ნაკრები): ,,ახალი ბრენდ პლატფორმის შექმნა საკმაოდ კარგი სიახლეა. სლოგანი, „მე ვარ საქართველო“ ყველამ კარგად გავიგეთ და გავითავისეთ. პოზიტიური ცვლილებაა და ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება. სანაკრებო დონეზე იოლი მატჩები არ არსებობს, აქედან გამომდინარე,  მოახლოებულ თამაშზე კონცენტრირებულები ვართ. გიბრალტართან შეხვედრის წარმატებით დასრულების შემდეგ, ბულგარეთთან მატჩზე გადავერთვებით. ქართველი გულშემატკივრის წინაშე თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მათი მხრიდან საკმაოდ პოზიტიური განწყობა მოდის. შესაბამისად, მეც და მთელი გუნდიც მატჩს მოუთმენლად ველით".

დავით ხოჭოლავა (საქართველოს ეროვნული ნაკრები): ,,ჩემთვის, ეროვნულ ნაკრებში თამაში ყოველთვის დიდი სიამოვნებაა, ეს დღე ძალიან ბევრს ნიშნავს, მნიშვნელოვანია როგორი სტარტი გვექნება. გვეხმარება ახალი სლოგანი, გერბი, ჰიმნი - ყველაფერი ერთად, ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ მიზანი რჩება ერთი - გავიდეთ ჯგუფიდან და ისევ იქ მოვხვდეთ, სადაც ვიყავით - ფინალში და ეს ფინალი მოვიგოთ".

საბა ლობჟანიძე (საქართველოს ეროვნული ნაკრები): ,,დიდი ეტაპი იწყება. ოთხი თამაშისთვის ვემზადებით, სეზონის ბოლოა და ფეხბურთელები ცოტა გადაღლილები ვართ, მაგრამ ნაკრებში ჩამოსვლა ყველას უხარია და ყველას ახალი ენერგია გვაქვს. მაქსიმალურად ვემზადებით. ფეხბურთელებს დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ სტადიონი გაივსება. დიდი ხანია თბილისში არ გვითამაშია და მიხარია. მსურს, ისეთი გულშემატკივრობა იყოს, როგორც ბათუმში, ბოლო სანაკრებო მატჩებზე".

სხვადასხვა დროს, საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, ეს 2014, 2015 და 2019 წლებში მოხდა. ჩვენმა გუნდმა ოთხივე შემთხვევაში გაიმარჯვა, 4 მატჩში მეტოქეს 13 გოლი გაუტანა, საპასუხოდ კი 2 გოლი მიიღო. ოთხივე მატჩი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგა.

საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებების  ერთა ლიგის პირველ შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, 2 ივნისს, 20:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ,,მაქვს ერთი კარგი გეგმა - ივნისში ოთხივე მატჩი მოვიგო
სანიოლი: ,,მაქვს ერთი კარგი გეგმა - ივნისში ოთხივე მატჩი მოვიგო"