ერთა ლიგა, საქართველოს ნაკრები
Aa
Aa

გიბრალტარის მწვრთნელი: ,,კონკრეტული გეგმა არ გაგვაჩნია"

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C4 ჯგუფში ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის ფორმაციის ეროვნული ნაკრები ახალ ციკლს  გიბრალტართან მატჩით, 2 ივნისს, გახსნის. არის მოლოდინი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ, ოფიციალურ მატჩში გამარჯვების პირველ 3 ქულას მოიპოვებს, საბოლოო ჯამში კი, აღნიშნულ მეტოქესთან 6 ქულას დაგეგმავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პირველ შეხვედრას ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, 2 ივნისს, 20:00 საათიდან გამართავს.

მომავალი შეხვედრის წინ ტრადიციული, მატჩისწინა პრესკონფერენცია დინამო არენას მედიაცენტრში შედგა, სადაც გიბრალტარის მთავარმა მწვრთნელმა,  ხულიო რიბასმა მედიის კითხვების უპასუხა:

პატარა ქვეყანა ვართ, ცოტა ფეხბურთელი გვყავს და მცირე რესურსი გაგვაჩნია. 12 დღეში 4 მატჩის ჩატარება ნებისმიერი ნაკრებისთვის ძალიან რთულია, ამიტომ მოგვიწევს რომ ძალები გადავანაწილოთ და შეძლებისდაგვარად, მოვემზადოთ. სიმართლე ის არის, რომ ყოველი მატჩისთვის მაქსიმალური მზაობა და ჩვენი საუკეთესო მხარის ჩვენება მოგვეთხოვება. შედეგების დაგეგმვა ძალიან ძნელია, ჩვენი ხედვა ამ პროცესის მიმართ არის ის, რომ თითოეული მატჩისთვის განსაკუთრებულად მოვემზადოთ და კონკრეტულ მატჩზე ვკონცენტრირდეთ, შესაბამისად, ზოგად შეფასებას წინასწარ ვერ ვიტყვი, თუმცა გეტყვით, რომ კონკრეტული გეგმა არ გაგვაჩნია.

ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ვცდილობთ ეს პროცესები ისე წარვმართოთ, ჩვენმა ფეხბურთელებმა მაქსიმალური გამოცდილება მიიღონ. ფეხბურთს ის განსაკუთრებული თვისება აქვს, რომ ბედნიერების განცდას ტოვებს, ვეცდებით, რომ ხვალაც ასე იყოს და არსებული რესურსიდან გამომდინარე, ჩვენი საუკეთესო გავიღოთ.

 საქართველოს ეროვნული ნაკრების პროგრესი აშკარაა. მეტოქე კარგი გუნდია, ახალი, კარგი მწვრთნელით. მათი ფეხბურთელები ევროპაში თამაშობენ, ჩვენი ნაკრების საფუძველი კი მოტივაციაა, რომელიც 19 და 21-წლამდე ასაკის იმ ფეხბურთელებს გააჩნიათ, რომლითაც ნაკრებია დაკომპლექტებული. ჩვენ ვცდილობთ ვითამაშოთ საუკეთესოებთან, რათა მათგან ვისწავლოთ. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.

დილის ვარჯიშის შემდეგ, საქართველოს მეტოქე საღამოს მეორედაც ივარჯიშებს:

ჩვენმა გუნდმა მატჩის წინ პირველი ვარჯიში უკვე გამართა, საღამოს დაგეგმილია მეორე ვარჯშიც. ორჯერადი ვარჯიშები ჩემი მუშაობის ნაწილია მას შემდეგ, რაც გიბრალტარს წარმოვადგენ.

რამდენიმე საინტერესო ამბავი

✅ გიბრალტარი, როგორც ქვეყანა და მომავალი მეტოქე ციფრებში მაინცდამაინც შთამბეჭდავი არ არის, თუმცა საინტერესოა:

მაგალითისთვის, ქვეყნის ყველაზე წარმატებულ ფეხბურთელად ვეტერანი, ლი კასიარო ითვლება, რომელის ანგარიშზეც 3 გოლია, თუმცა ბომბარდირობისთვის სრულიად საკმარისია. კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ ნაკრების კაპიტანს  3 გოლიდან 1  საქართველოს (1-შოტლანდიის, 1 გოლიც კი კვიპროსის) წინააღმდეგ აქვს გატანილი. კასიარომ ლორიას 2019 წელს, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრაში, 66-ე წუთზე გაუტანა. საქართველოსა და გიბრალტარის ურთიერთშეხვედრებში ეს ერთადერთი მატჩია, როდესაც ჩვენმა ნაკრებმა კარი მშრალად ვერ შეინახა და  2 ბურთი გაუშვა. ვლადიმირ ვაისის ნაკრები შეხვედრას 84-ე წუთამდე  ვერ იგებდა, საბოლოოდ კი გამარჯვება გიორგი ქვილითაიას გოლით მაინც მოახერხა.

40 წლის ლი კასიარომ გიბრალტარის მაისური 2014 წლის 7 სექტემბერს მოირგო და ამ დროში 45 მატჩში თავი 3 გოლს მოუყარა.

საინტერესოა, რომ ფეხბურთელი პროფესიით პოლიციელია და სხვადასხვა დროს თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. ლის ძმებიც ფეხბურთელები არიან და ძმის მსგავსად, გიბრალტარის ნაკრებში ასპარეზობენ - კაილის 26 მატჩი (1 გოლი) აქვს ჩატარებული, ხოლო რაიანს 24 შეხვედრა;

✅ გიბრალტარის ნაკრების საყვარელი სისტემა 5-3-2-ია. გამონაკლისი იყო შეხვედრა ნიდერლანდების წინააღმდეგ, როდესაც გუნდმა 4-3-3 ტაქტიკით ითამაშა და ანგარიშით - 6-0 დამარცხდა.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხულიო რიბასია 65 წლის არის და გიბრალტარის ნაკრებში 2018 წლის 1 ივლისიდან მუშაობს. ამ დროში მისი ფორმაციის გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებს 36 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სტატისტიკა კი ასეთია: 4 გამარჯვება / 5 ფრე / 27 მარცხი;

✅ სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, გიბრალტარის შემადგენლობის ჯამური ღირებულება 1.68 მილიონი ევროა, რაც საქართველოს ნაკრების ღირებულებაზე თითქმის 27-ჯერ ნაკლებია;

ურთიერთშეხვედრები

სხვადასხვა დროს, საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, ეს 2014, 2015 და 2019 წლებში მოხდა. ჩვენმა გუნდმა ოთხივე შემთხვევაში გაიმარჯვა, 4 მატჩში მეტოქეს 13 გოლი გაუტანა, საპასუხოდ კი 2 გოლი მიიღო. ოთხივე მატჩი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგა.

საქართველოს და გიბრალტარის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრებიდან, ყველაზე დიდი ანგარიში 2015 წლის 8 ოქტომბერს დაფიქსირდა, როდესაც დუბლი მათე ვაწაძემ გაიფორმა, თორნიკე ოქრიაშვილმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, ხოლო შეხვედრის ბოლოს საბოლოო ანგარიშს წერტილი ვაკო ყაზაიშვილმა დაუსვა- 4-0. 

საქართველოს ეროვნული ნაკრები 18:30 საათიდან ივარჯიშებს, იქამდე კი ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს, რომელსაც CrystalSport-ი ასევე შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაია: ,,მინდა, ანორთოსისში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი წავიყვანო
ქეცბაია: ,,მინდა, ანორთოსისში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი წავიყვანო"