„კონტრაქტი აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს, ის მბრძანებელი იქნება“ - OneFootball-ი მამარდაზე
ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ გასულ სეზონში, საკუთარი თავის შესანიშნავად წარმოჩენის გამო გიორგი მამარდაშვილი უახლოეს პერიოდში „ვალენსიასთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
ამასთან დაკავშირებით, „ვალენსიასთან“ დაახლოებულმა ცნობილმა ესპანურმა სააგენტო OneFootball-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ქართველი მეკარის ქება-დიდება მიდის. ვალენსიაში იმედოვნებენ, რომ მამარდაშვილი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და ის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იქნება.
რას წერს OneFootball-ი:
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ მესამე გუნდის მეკარედ ჩამოვიდა. თუმცა, წინასასეზონო მზადებაზე მან ბორდალასი და მისი სამწვრთნელო შტაბი დააბრმავა. ქართველმა მეკარემ სილესენისა და ხაუმეს ტრავმების გამო სეზონი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. მე-6 ტურამდე ის გუნდის ძირითადი მეკარე იყო, მაგრამ შემდეგ „სევილიასთან“ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, რაც სათადარიგო სკამზე დაქვეითებით დასრულდა, მის მაგივრად კი კარში იასპერ სილესენი ჩადგა.
ახალგაზრდა ქართველმა პირველ გუნდში ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ ნიდერლანდელის ამოგდება ვეღარ შეძლო. სეზონის შუა ნაწილი კი მისთვის განსაკუთრებულად კრიტიკული იყო. მამარდაშვილი ერთ-ერთი მატჩის განაცხადში ჭარბი წონის გამოც არ შეიყვანეს და კოპა დელ რეის ძირითად შემადგენლობაში მის ნაცვლად ხაუმე დომენეკი გამოჩნდა.
თუმცა, გოლის ეპიზოდებში ხაუმეს შეცდომებმა მამარდაშვილს სასტარტოს გასაღები დაუბრუნა და იმ მომენტიდან ქართველში ეჭვი არავის შეჰპარვია. მან არაერთ მატჩში გააოცა გულშემატკივარი. უმნიშვნელოვანეს მატჩებში დიდი სეივები შემოგვთავაზა. მისი ღირებულება და ფასი საგრძნობლად გაიზარდა და ეჭვგარეშეა, რომ ის კლუბისთვის სეზონის ყველაზე დიდი გამოცხადება იყო.
ბუნებრივია, მისი გავლენებიც გაიზარდა, რასაც რამდენიმე კლუბის ინტერესი ადასტურებს. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამარდაშვილის დამატებით მანჩესტერ იუნაიტედი სერიოზულად არის დაინტერესებული. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, „ვალენსიამ“ მისი კონტრაქტის გაუმჯობესებაზე დაიწყო მუშაობა.
კლუბში სურთ, მამარდაშვილი აწმყოსა და მომავლის მეკარე იყოს. იმის მიუხედავად, რომ მას მცირე შეცდომები მაინც აქვს, რაც ფეხით თამაშს გულისხმობს, ის მაინც უზარმაზარი პოტენციალის მქონე მეკარეა. ამის გათვალისწინებით, მისი გამოსყიდვის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება და 100 მილიონი ევრო გახდება, კონტრაქტი კი სავარაუდოდ, 2027 წლამდე გახანგრძლივდება.
თავის მხრივ, გიორგი მამარდაშვილი ამ ვითარებას მშვიდად ეკიდება. მან იცის, რომ ის „ვალენსიას“ კარში დიდი ფსონია და თუ ძველებურად გააგრძელებს მუშაობას, მესტალიაზე ამ პოზიციის მფლობელი და მბრძანებელი გახდება.
ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.