''სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ'' - ბერლუსკონი მონცას აღზევების შემდეგ
იტალიური კლუბი ''მონცა'' სერია ა-ში პირველად აღზევდა. ფლეი-ოფის ფინალში ''მონცამ'', რომლის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონია, ''პიზა'' ორი მატჩის ჯამში 6:4 დაამარცხა, კლუბმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია.
ბერლუსკონის კომენტარი საკმაოდ ამბიციურია. მისი თქმით, ''მონცას'' მიზანი სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
''ეს საოცარია კლუბისთვის, რომელიც 1912 წელს დაარსდა და სერია ა-ში თამაშის უფლება პირველად მოიპოვა. ეს არაორდინალურია მონცასა და ბრიანცას მოსახლეობისთვის. ეს იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიული პროვინციაა, სადაც 70 000-ზე მეტი მეწარმე ცხოვრობს. მიღწეულით ყველა ჩვენგანი ბედნიერია.
ჩვენ სკუდეტო უნდა მოვიგოთ, ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ და ამ ტურნირშიც უნდა გავიმარჯვოთ. ეს სეზონი არაორდინალური გამოვიდა: ''მილანმა'', რომელიც ჩემს გულშია, სკუდეტო მოიგო, ''მონცა'' კი სერია ა-ში აღზევდა''.
''მონცას'' ქომაგები პიზაში, ''გარიბალდიზე'' იმყოფებოდნენ, ათასობით ქომაგმა კი მონცას ცენტრალურ სკვერში დიდ ეკრანზე უყურა მატჩს. გულშემატკივრები მღეროდნენ ბერლუსკონის მისამართით, რომ კლუბმა კიდევ უფრო დიდ მიზანს მიაღწიოს და ევროსაგზური მოიპოვოს.
ბერლუსკონი ''მილანის'' ისტორიაში ყველაზე წარმატებული პრეზიდენტია. მისი მმართველობისას ''მილანმა'' 31-წლიან პერიოდში 29 ტიტული მოიგო, რვაჯერ - სერია ა, ხუთჯერ - ჩემპიონთა ლიგა.
ბერლუსკონისთან ერთად კლუბს ადრიანო გალიანი მართავს, რომელმაც 2019 წლის იანვარში, ერთთვიან პერიოდში ''მონცაში'' 30 ტრანსფერი განახორციელა.