''ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ'' - ექს-ფეხბურთელის წარმატება ბოდიბილდინგში
ბოდიბილდინგში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. საინტერესოა, რომ ვერცხლის მედალი 29 წლის თამაზ ჟიშკარიანმა მოიპოვა, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია, გასულ წელს კარიერა ''ეგრისში'' დაასრულა და მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
ჟიშკარიანი, რომელსაც ''ზუგდიდში'', ''გაგრაში'', ფოთის ''კოლხეთსა'' და მარტვილის ''მერანში'' უთამაშია, ბოდიბილდინგში მიღწეულ პირველ წარმატებას Facebook-ში ემოციური პოსტით გამოეხმაურა. მან მწვრთნელსა და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა.
''ჩემი პირველი გამოსვლა საქართველოს პირველობაზე ბოდიბილდინგში, ვერცხლის პრიზიორი გავხდი. საიდან დავიწყო არ ვიცი, იმდენად ემოციური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საკემატას გუნდის ყველა პერსონალს, მადლობა თაზო ჯოგლიძეს იმისთვის, რომ ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყების შანსი მომცა, მას შემდეგ რაც ჩემს საყვარელ საქმეს შევეშვი.
რაც შეეხება ამ ადამიანს - George G Goldman-ს, ჩემს მეგობარს, ჩემს მწვრთნელსა და უძლიერს მოტივატორს უდიდესი მადლობა ჩემი ამ წარმატების შემოქმედს, რომელსაც პირველი დღიდან სჯეროდა, რომ შევძლებდი წარმატების მიღწევას და მეც დამაჯერა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს პერიოდი გვერდში მედგა და მამხნევებდა''.