მოლაპარაკება ახალ კონტრაქტზე - მაკარიძე ალმერიაში დარჩება?
გიორგი მაკარიძის ''ალმერია'' ლა ლიგაში აღზევდა, სეზონის ბოლო ტურში ''ლეგანესთან'' სტუმრად ფრედ 2:2 ითამაშა, სეზონი 81 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა, 7-წლიანი პაუზის შემდეგ ელიტარულ ჩემპიონატში ითამაშებს.
32 წლის ქართველ მეკარეს ''ალმერიასთან'' კონტრაქტი შემდეგ თვეში, 30 ივნისს ეწურება. CrystalSport-ის ცნობით, სეზონის მიმდინარეობისას, როცა ''ალმერია'' ლა ლიგაში აღზევებისთვის იბრძოდა, მაკარიძესა და კლუბს შორის ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე შეთანხმება მიღწეული არ იყო, რადგან კლუბს მასთან და სხვა ფეხბურთელებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ სურდა, როცა ცხადი გახდებოდა, ''ალმერია'' ლა ლიგაში დაბრუნდებოდა თუ კვლავ ლა ლიგა 2-ში ითამაშებდა.
მაკარიძე და ''ალმერია'' თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ.
2020 წლის ზაფხულში მაკარიძე ''ალმერიას'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. პირველ სეზონში სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო, ფერნანდო მარტინეს რუბიოსთან კონკურენცია მოიგო, ლა ლიგა 2-ის 33 მატჩში ითამაშა, თუმცა ფლეი-ოფში ''ალმერია'' წარუმატებლად გამოვიდა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ''ალმერიას'' პირველ მეკარედ ფერნანდო მარტინეს რუბიო იქცა. მაშინ როცა მაკარიძემ ლა ლიგა 2-ის მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ესპანელმა 41 შეხვედრა ჩაატარა.
მაკარიძეს ფრანგული ''ლე მანისა'' (2009-13) და ესპანური ''ალმერიას'' გარდა მხოლოდ პორტუგალიურ კლუბებში უთამაშია: ''ფეირენსე'' (2014-16), ''მორეირენსე'' (2016-18), ''რიუ ავე'' (2018-19) და ''სეტუბალი'' (2019-20).