„ხელუხლებელი პოტენციალი აქვს“ – ბითაძე პოპოვიჩის სან ანტონიოს დაუკავშირეს
ცნობილმა სპორტულმა ვებგვერდმა, Clutchpoints-მა „სან ანტონიო სპურსს“ სტატია მიუძღვნა და 2022 წლის დრაფტზე ტექსასელთა გეგმებზე ისაუბრა. გრეგ პოპოვიჩის გუნდს პირველი რაუნდის 3 არჩევანი აქვს და შესაძლოა, რომელიმე მათგანი პერსპექტიული კალათბურთელის სანაცვლოდ დათმოს. Cluchtpoints-ი 3 ვარიანტს განიხილავს და ერთ-ერთი „ინდიანა პეისერსის“ ქართველ ცენტრს, გოგა ბითაძეს უკავშირდება.
„იაკობ პოელტლს სან ანტონიოსთან კონტრაქტი მალე ეწურება და თუ სპურსმა მასთან ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა ან მისი გაცვლა გადაწყვიტა, შესაძლოა, ყურადღება ახალგაზრდა ცენტრზე გაამახვილოს. ინდიანა პეისერსს ჰყავს კალათბურთელი, რომელიც შეუძლია, ტექსასელებს შესთავაზოს - გოგა ბითაძე.
სან ანტონიოს შეუძლია, ბითაძე და 31-ე პიკი ზაკ კოლინსისა და 25-ე პიკის სანაცვლოდ მიიღოს. პეისერსი, რომელსაც მაილს ტერნერი, აიზეია ჯექსონი და ჯეილენ სმიტი ჰყავს, დრაფტზე 6 ადგილით მაღლა აიწევს და გუნდში, ცენტრის პოზიციაზე არსებული როტაცია მჭიდროც აღარ იქნება. ინდიანამ ტერნერის გაცვლაც რომ გადაწყვიტოს, ჯექსონმა და სმიტმა საკმარისი ნიჭი გამოავლინეს, რათა პეისერსს მათი იმედი ჰქონდეს.
გასულ სეზონში, ბითაძე საშუალოდ 7 ქულას, 3.5 მოხსნასა და 1.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. 22 წლის კალათბურთელს ხელუხლებელი პოტენციალი აქვს და უკვე გვაჩვენა, რომ, როგორც სამიანის მსროლელი, სამწამიანის დამცველი და დაფარებების განმხორციელებელი, პერსპექტიული ნამდვილად არის“, - წერს ამერიკული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „სან ანტონიო სპურსმა“ რეგულარული სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა და პლეი ინის ტურნირში იასპარეზა, თუმცა „ნიუ ორლეან პელიკანსის“ წინააღმდეგობა ვერ დაძლია და პლეიოფს მიღმა დარჩა.