გოლდენ სტეიტის მეტოქე გაირკვა - ბოსტონმა მე-7 შეხვედრაში მაიამის სტუმრად აჯობა
Aa
Aa

გოლდენ სტეიტის მეტოქე გაირკვა - ბოსტონმა მე-7 შეხვედრაში მაიამის სტუმრად აჯობა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალში „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ „ბოსტონ სელტიკსს“ დაუპირისპირდება. „კელტებმა“ „მაიამი ჰიტი“ დაამარცხეს და სტუმრად გამართული მეშვიდე შეხვედრა 100:96 მოიგეს.

„ბოსტონმა“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 15 ქულით მოიგო. „კელტები“ მეორე პერიოდშიც კარგად გამოიყურებოდნენ და დაცვაში მაღალ დონეზე ასპარეზობდნენ, თუმცა ჯიმი ბატლერს ვერაფერი მოუხერხეს, რასაც რამდენიმე უაზრო ჯარიმა დაერთო და დიდ შესვენებაზე „მაიამის“ ჩამორჩენა მხოლოდ 6 ქულას შეადგენდა.

მესამე მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ბოლო მეოთხეში კი „ბოსტონმა“ 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. სერიოზული ჩამორჩენის მიუხედავად, „მაიამიმ“ ბოლომდე იბრძოლა და სხვაობა 2 ქულამდე ჩამოიყვანა. ჯიმი ბატლერს საკუთარი გუნდის წინ გაყვანაც შეეძლო, მაგრამ მისმა სამიანმა მიზანს არ უწია და დარჩენილ დროში, „ბოსტონმა“ ლიდერობა აღარ დათმო.

„სელტიკსის“ რიგებში საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი იყო - 26 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება. მარკუს სმარტსა და ჯეილენ ბრაუნს 24-24 ქულა ჰქონდათ, ხოლო ალ ჰორფორდმა პარკეტზე 44 წუთი გაატარა და 5 ქულასა და 14 მოხსნას დასჯერდა. „მაიამის“ 35 ქულით ჯიმი ბატლერმა ულიდერა და არც ერთი წამით დაუსვენია. ბემ ადებაიოს 25 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა. კაილ ლაურიმ 15 ქულა დააგროვა, ხოლო შტრუსმა და ოლადიპომ 8 და 9 ქულა მიითვალეს.

ამრიგად, „გოლდენ სტეიტისა“ და „ბოსტონის“ სუპერფინალური სერია 3 ივნისს დაიწყება და „მეომრები“ პირველ 2 შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავენ. სერიის გახსნითი მატჩი თბილისის დროით, 05:00-ზეა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები