მზადება გრძელდება - ყაზაიშვილი ნაკრებს დღეს შეუერთდება
საქართველოს ეროვნული ნაკრები უახლოესი შეხვედრებისთვის თბილისში ემზადება. Nakrebi.ge-ს ინფორმაციით, 27 და 28 მაისს სანიოლის ხელმძღვანელობით 28 ფეხბურთელმა ივარჯიშა, დღეს კი ნაკრებს ვაკო ყაზაიშვილი შეუერთდება, რომელმაც სამხრეთ კორეის ჩემპიონატის გასულ ტურში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
საინტერესოა, რომ ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების კომუნიკაციის შემდეგ, ერთჯერადად საწვრთნელ პროცესში თორნიკე მეგრელიშვილმა, ნიკა გაგნიძემ და გიორგი გაგუამ მიიღეს მონაწილეობა. მოთამაშეები საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დაუბრუნდნენ და მომზადებას რუმინეთთან მატჩისთვის აგრძელებენ, ამხანაგური შეხვედრა 3 ივნისს გაიმართება.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის მატჩებისთვის სრული შემადგენლობით 30 მაისიდან მოემზადება.
შეგახსენებთ, ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 2 ივნისს უმასპინძლებს, 5 ივნისს კი ბულგარეთს სტუმრად დაუპირისპირდება. 9 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები საქართველოს სკოპიეში მიიღებს. მე-4 ტურში ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთს უმასპინძლებს (12 ივნისი).
ფოტო: Nakrebi.ge